El Pais: ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიან ცათამბჯენებს და ხალხით სავსე პლაჟებს ვხედავთ, აფხაზურზე კი ნანგრევები ჩანს
მოსკოვი და ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის კი კვლავ რჩება ის პრობლემები, რომლებმაც მხარეები ომამდე მიიყვანა.
ორთვალა ფორანი ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ორ გეოსტრატეგიულ ზონას ერთმანეთთან აკავშირებს. ყოველთვის ხალხით სავსე ფორანი ტაატით მიდი-მოდის მდინარე ენგურის ხიდზე, რომლის ერთი ნაპირი საქართველოს - პროდასავლური და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ხელისუფლების, მეორე კი - აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლდება, რომელიც შავი ზღვის 220-კილომეტრიან ნაპირს აკონტროლებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული - მას შემდეგ რაც 2008 წელს მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, - ასე იწყება ესპანურ გაზეთ El Pais-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორიც პილარ ბონეტია.
ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის ისტორია, საომარი მოქმედებების შედეგი, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით და სხვა მომენტები.
აფხაზეთის მოსახლეობა ამჟამად 250 ათასზე ნაკლებს წარმოადგენს. აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილი ქართველების დაბრუნებას (მათი რაოდენობა 200 ათასზე მეტია), თუმცა გალის რაიონში - ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილზე - რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მაინც დაბრუნდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ 2008 წლამდე, ანუ როცა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის ფორმებზე მუშაობდნენ, - წერს ავტორი.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონზეც - ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელმა თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე რეგიონში სრულიად ახალი გარემოება ჩამოაყალიბა, რაც ყოფილი ავტონომიებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავდა, რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. რუსეთმა საერთაშორისო დამკვირვებლები ორივე რეგიონის დატოვებაზე აიძულა, შემდეგ სოხუმთან და ცხინვალთან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები - სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმა. დღეისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებში მუდმივად ათი ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება.
სტატიის ავტორი ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ ვიზიტსაც აფხაზეთში და მის შეხვედრას აფხაზ ლიდერთან, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. ასევე მოხსენიებულია საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ყოფნაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის საკვანძო პარტნიორია რეგიონში და რომ ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის ოკუპირებას.
მაიკ პენსის განცხადებამ ქართველი პოლიტიკოსები გამოაცოცხლა და იმედით განაწყო:
ისინი ხომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ჟამს თავს ამერიკისაგან მიტოვებულად გრძნობდნენ, - აღნიშნავს ავტორი და იქვე ვლადიმირ პუტინის განცხადებასაც ციტირებს: ჩვენ აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი ვართ.
ავტორი ყურადღებას უთმობს პუტინის ვიზიტის დროს სოციალური დახმარების შესახებ შეთანხმების დადების ფაქტს, რაც აფხაზეთის მოსახლეობას რუსული სოციალური უზრუნველყოფის სისტემით სარგებლობის ნებას აძლევს. თბილისში აცხადებენ, რომ მოსკოვის ნაბიჯი იმის პასუხია, რასაც თბილისი აფხაზებს სთავაზობს - უფასო სამედიცინო მომსახურებას. ასეთი ახალი პოლიტიკის გატარება, რომელიც შერიგებისთვის გაწვდილ ხელს გულისხმობს, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ დაიწყო. თბილისი იმედოვნებს, რომ ყოფილი ავტონომიის მშვიდობიანი ინტეგრირება შესაძლებელია.
საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით, ქვეყანას უკვე ოთხი მილიონი უცხოელი ეწვია. გარდა ამისა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით თბილისი შავი ზღვის პორტის ანაკლიის აშენებასაც გეგმავს. ამით საქართველოს სურს აფხაზი ბიზნესმენების ყურადღების მიქცევა, თუმცა სოხუმი, როგორც ჩანს, არანაირ დაინტერესებას არ ამჟღავნებს ქართული გეგმების მიმართ. აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადღურ არძინბამ განაცხადა, მხოლოდ შეშლილი თუ იფიქრებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასო.
არადა, შავი ზღვის აფხაზურ და ქართულ ნაპირებს შორის არსებული პეიზაჟის კონტრასტები მატულობს: ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიან ცათამბჯენებს და ხალხით სავსე პლაჟებს ვხედავთ, აფხაზური ნაპირზე კი ნანგრევები ჩანს, რომელიც ომს გვახსენებს, - ნათქვამია სტატიის ბოლოს.