ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Euronews-ი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე გადაცემებს ამზადებს
11 აპრილი, 2018

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა Adventures-ის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ჟურნალისტებმა იმოგზაურეს მთიან აჭარაში, გადაიღეს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი და მტირალას ეროვნული პარკი. კამერის ობიექტივში ბათუმი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მოხვდა.

ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვას აპრილის ბოლოდან შეძლებს.

ევრონიუსის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს.

გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან. 

„ევრონიუსზე დაწყებული წარმატებული სარეკლამო კამპანია წელსაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია, როცა რეგიონს ისეთი რეიტინგული მედიასაშუალება უძღვნის გადაცემებს როგორიც ევრონიუსია. რეგიონში ტურისტების მოზიდვა, ქვეყნისა და რეგიონის  შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს. ჩვენ წლის ბოლომდე 16-ვე სამიზნე ქვეყნიდან ვგეგმავთ პოპულარული ჟურნალისტების მოწვევას, რომლებიც თავიანთი მოქალაქეებს აჭარას საინტერესო სტატიებით, ბლოგებით, რეპორტაჟებითა და გადაცემებით გააცნობენ,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.