ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GEM FEST-ის მე-17 დღე – “უკვე 15 ათასი სტუმარი მივიღეთ, საიდანაც 70% უცხოელია“
03 აგვისტო, 2017

მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი დიდი რაოდენობით ვიზიტორებს ელოდება, რადგან ხვალ გერმანელი DJ Solomun-ი დაუკრავს. როგორც „კომერსანტს“ GEM FEST-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მუსიკალურ ფესტივალს გახსის დღიდან დღემდე 15 ათასი ვიზიტორი დაესწრო, საიდანაც 70% უცხოელია. ფესტივალის ორგანიზატორები ხვალინდელი დღიდან ამ რიცხვის გასამმაგებას ვარაუდობენ. GEM FEST-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ამჟამად ფესტივალზე სულ 80 000 ვიზიტორია დარეგისტრირებული. 

”წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა.

განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ხოლო ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ.

ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები.“ - განაცხადა GEM FEST -ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.

„ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 33 დღის განმავლობაში, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. 

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. 

ფესტივალზე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, სწრაფი კვების 40-მდე რესტორანი და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მუსიკალურთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ მოვლენას წარმოადგენს.

ატორი:ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.