როგორი შეიძლება იყოს ზღაპრული მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში? 62 დღეში მოვლილი საქართველო, ულამაზესი ადგილები, ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები 21 წლის გიო ჯობავამ სულ რამდენიმე წუთში ჩაატია, თან ამ არაჩვეულებრივი ჩანაფიქრის მიზეზიც გაგვიმხილა.
გიო ჯობავა: “სულ მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის რაღაც სასიამოვნო და საამაყო საჩუქარი გამეკეთებინა. ზაფხულში მაგრად მოვინდომე, მაქსიმალურად დავტრიალდი, რომ ცოტა ფული მეშოვნა და შედეგად ეს ვიდეო დავდე. ცხოვრებაში მიზანი მაქ, 85 წლის ბაბუა რომ ვიქნები და გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ძალიან დიდი ცრემლებით ვიტირო, ისე, რომ ვერ მაჩერებდნენ, იმაზე, თუ რა მაგრად მიცხოვრია, რამდენი თავგადასავალი, მოგზაურობა, სიგიჟე, რისკები, ამბები გამომივლია, რა მეგობრები მყოლია და ა.შ. ჰოდა, ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს. ამ ვიდეომდეც ცნობილი იყო ჩემი სხვა ვიდეოები, ზოგი სისულელე, ზოგი პოზიტიური, მაგრამ აქამდე როგორ ვიყავი იცით? აი, გოგო რომ მოგწონს, რომ შეხვდები, მთელი დღე რომ დაპროწიალობთ, ცანცარებ, ხუმრობ, იცინი, დარბიხარ, ხელში, აიყვან, ტრიალებთ, მხიარულობთ… და მერე უცბად თვალებში რო შეხედავ და დამანჭული სახით რო ეტყვი, ვაიმე, რა სასწაულად მიყვარხარ! აქამდე დავცანცარებდი დავხტოდი და ახლა, ამ ვიდეოთი ვუთხარი საქართველოს რომ საოცრად მიყვარს.”