ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways–ი ფლოტს ანახლებს – "ავიაბაზარზე პირობები ყველა კომპანიისთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს"
15 მაისი, 2017

ავიაკომპანია Georgian Airways ფლოტის განახლებას იწყებს. კომპანია რამდენიმე დღეში Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდს დაარეგისტრირებს, ხოლო მაისის ბოლოდან დამატებით ორი Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდება.

როგორც „კომერსანტს" Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, ავიაკომპანია თვითმფრინავებს არ ყიდულობს და ის ქვეყანაში ლიზინგის ხელშეკრულებით შემოდის. მისი თქმით ორივე მათგანი 2008 წლის მოდელია. გენერალური დირექტორის განცხადებით, 20 მაისიდან Georgian Airways-ი ახალი პირდაპირი ავიარეისების დამატებას გეგმავს.

„გარკვეული ცვლილებები გვაქვს ავიაკომპანიის მენეჯმენტში. ჩვენ განვითარების ახალ ეტაპს ვიწყებთ. Georgian Airways-ის საჰაერო ფლოტის ძირეული განახლება მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველ არსებულ რეისებს და ჩარტერულ პროგრამებს, მას უცვლელად ვინარჩუნებთ.

20 მაისიდან კომპანია პირდაპირი ავიარეისების შესრულებას თბილისი-ლონდონის მიმართულებით გეგმავს, რეისები კვირაში ორჯერ ყოველ ორშაბათსა და შაბათს განხორციელდება და მგზავრობის საშუალო ღირებულება 200 ევრო იქნება. ასევე 12 ივნისიდან პრაღის მიმართულებით კვირაში ორჯერ პირდაპირი ფრენები შესრულდება. ვცდილობთ, რომ ტარიფები მაქსიმალურად მოქნილი იყოს.

აპრილის ბოლოდან ბათუმისა და კიევის მიმართულებით ყოველდღიური რეისების შესრულება დავიწყეთ, ორი ივნისიდან კი რეისებს ყაზანის მიმართულებით შევასრულეთ." - განაცხადა გივი დავითაშვილმა.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის თქმით, „რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება მივიღეთ მას შემდგომ კომპანიაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა ავიაკომპანიის გადაზიდვების მოცულობა."

დავითაშვილმა სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ პირდაპირი ფრენების დამატება კიდევ იგეგმება. ზაფხულიდან პარიზის მიმართულებით რეისების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„კომერსანტის" კითხვაზე თუ, რომელ უცხოურ ავიაკომპანიას ადანაშაულებს Georgian Airways-ის დემპინგში, დავითაშვილი აცხადებს, რომ მათ რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან პრეტენზია არ აქვთ. Georgian Airways-ის მოთხოვნაა, რომ პირობები ყველა ავიაკომპანიისთვის თანაბარი და სამართლიანი იყოს. 

როგორც ცნობილია, Georgian Airways-მა რამდენიმე დღის წინ უცხოური კომპანიები დემპინგში დაადანაშაულა. როგორც კომპანიაში აცხადებდნენ საკუთარ სახელმწიფოში უცხოური ავიაკომპანიების ტარიფები 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე Georgian Airways–ის შემთხვევაში, შესაბამისად, თუ მათ საქართველოს ხელისუფლებისგან ანალოგიური მხარდაჭერა არ ექნებათ, თანაბარ კონკურენტულ პირობებში ოპერირებას ვერ შეძლებენ. 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.