ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩხაიძე - „ვიმედოვნებ, ყველა დამიჭერს მხარს, ვისაც ტურიზმის სფეროზე გულის შესტკივა“
25 აგვისტო, 2021
„ვიმედოვნებ, ყველა დამიჭრს მხარს, ვისაც ტურიზმის სფეროზე გულის შესტკივა“ ამ ეტაპზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი,
რომელშიც მონაწილეობის მიღებას სასტუმრო „ღვინის სასახლისა“ და ღვინის მაღაზიის „ბრენდ ვაინის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე აპირებს. ის თავის გადაწყვეტილების მიზეზებზე და აღნიშნული სფეროს განვითარების პრიორიტეტებზე გვესაუბრა:
 
- ვფიქრობ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა ხელმძღვანელობდეს ტურიზმის სექტორში კარგად ჩახედული, გამოცდილი კადრი, რომელიც ბევრ სხვა დეტალთან ერთად, უნდა იცნობდეს სასტუმრო ბიზნესის საქმიანობას. ეს არის
ძალიან ფაქიზი სფერო, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მუდმივი მოქმედება და განვითარება. ხშირად, თვეში ერთხელ მაინც უნდა შედგეს ხელმძღვანელობასა და ტურიზმის სექტორში მყოფთა შეხვედრები და დიალოგის რეჟიმში ეს პრობლემების
ერთობლივად გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. ამ კუთხით შემუშავებული მაქვს ჩემი პროგრამა, რომელიც ამ სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.
 
ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ ვინაიდან ვიცი რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და მათ გადაჭრის გზებზეც ნაფიქრი მაქვს, ამიტომ გადავწყვტე განაცხადი შევიტანო. ვინც მიცნობს, იცის, რომ ფუჭი ლაპარაკი არ მიყვარს, სიტყვის კაცი ვარ და რასაც ვიტყვი, შევასრულებ. აქვე დავამატებ, სასურველია თუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე განაცხადს ისეთი ადამიანები შეიტანენ, ვინც ტურისტულ კომპანიებს წარმოადგენენ და სასტუმროს ბიზნესში მოღვაწეობენ. სწორედ მათ შორის უნდა მოხდეს ღირსეული კანდიდატის შერჩევა.
 
- თუ შეიძლება თქვენ პროფესიაზე, ოჯახსა და საქმიანობაზე მოკლედ გვიამბეთ...
 
- ჩემი ოჯახის წევრები სატრანსპორტო სფეროში მუშაობდნენ და ქვეყანას ემსახურებოდნენ. მეც ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული, - პროფესიით ინჟინერი ვარ. ასევე
დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. ვარ ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოსა და სამბოში. ამ სფეროშიც ბევრი წარმატება მქონდა, ვჭიდაობდი
საქართველოს ნაკრებში - ახალგაზრდებს შორის ჩემპიონის ტიტული მაქვს მოპოვებული, ვიყავი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორიც, მეორე და მესამე ადგილის მფლობელიც, ხოლო სამბოს ეროვნული ნაკრებში პანამერიკული თამაშების სამგზის
გამარჯვებული და ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი. 2004 წელს სპორტს ჩამოვშორდი.
 
ჩემი ჰობია მევენახეობა-მეღვინეობა და ჩემო ოჯახი დიდი ხანია ამ საქმით ვართ დაკავებული. რაც შეეხება სასტუმროს ბიზნესს, 5 წელია ტურიზმის სფეროში ვარ. მალე 44 წლის ვხდები. მყავს მეუღლე, სამი შვილი: ორი გოგონა და
ერთი ბიჭი. დეკემბერსში მეოთხე შვილს ველოდებით.
 
- თუ ტურიზმის ადმინისტრაციის სათავეში მოხვდით, რა იქნება თქვენი 3 უმთავრესი პრიორიტეტი?
 
- პირველი - ტურიზმის ადმინისტრაციის პროფესიონალებით დაკომპლექტება იმ ხალხით, ვისაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. მინდა საქმეს ხელი რეალურად მცოდნე პროფესონალებმა მოკიდონ. მეორე - რეგიონული ტურიზმის
განვითარებაა.
 
საქართველოში ჩამოსულმა სტუმარმა უნდა იცოდეს, რომელ კუთხეს ესტუმროს და სად, რა დახვდება. მესამე - მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ უნდა მომზადდეს რაც შეიძლება მეტი სარეკლამო რგოლი და სიუჟეტები
საქართველოს შესახებ. ეს სამი, მაგრამ მე მეოთხე და მეხუთესაც დავამატებ: დღესდღეობით საქართველოში შემოსული ტურისტური ნაკადი არასწორედ არის აღრიცხული. მაგალითისთვის გეტყვით, ჩვენი მოქალაქე, რომელიც სამუშაოდ 2-3
კვირით მიდის თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად და უკან ბრუნდება, მას ტურისტად აფორმებენ. ვთქვათ ადამიანი თვეში სამჯერ წავიდა და დაბრუნდა,
 
იგივენაირად ხდება აღრიცხვა. ჩვენი მოქალაქეების ტურისტებად აღრიცხვის საკითხს აუცილებლად სჭირდება ყურადღება და გამოსწორება. მეხუთე და აუცილებელი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის როგორც უკვე მოგახსენეთ, ხშირი შეხვედრები როგორც
ადგილობრივი ტურიზმის წარმომადგენლებთან, ისე მეზობელ ქვეყნის ტურიზმის ხელმღვანელობასთან. ამ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მათ ჩვენ ქვეყანას გაუწიონ პოპულარიზაცია. სტუმრები რეგიონებში უნდა ვამოგზაუროთ და გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და კულტურა. ასე თუ არ მოხდა, ვფიქრობ ტურიზმის სექტორში განვითარებისკენ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ.
 
იმედი მაქვს არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება. ვიმედოვნებ ჩემი კოლეგები და საღად მოაზროვნე ადამიანები, ვისაც ტურიზმის სფეროზე გულის შესტკივა, მხარს დამიჭერენ. ჩვენ ერთად მოვახდენთ პრიორიტეტების განსაზღვრას და სასწრაფო
წესით შევცვლით და განვავითარებთ ტურიზმის სფეროს ჩვენს ქვეყანაში.
 
ავტორი: ანა კალანდაძე

travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.