ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Holiday Inn–ის მფლობელი კომპანია თბილისში ჰოსტელს გახსნის
15 ნოემბერი, 2015

სასტუმრო Holiday Inn-ისა და Rooms-ის მფლობელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ თბილისში ნინოშვილის ქუჩაზე ჰოსტელს გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

„ეს იქნება იაფი ჰოსტელი, რომელიც სტუდენტებზე და Backpacker მოგზრაურებზე იქნება გათვლილი. ეს იქნება მულტიდანიშნულების პროექტი. გვინდა, თბილისში ახალი ჰაბი შევქმნათ, სადაც ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ერთმანეთთან შეხვედრა შეეძლებათ. ტერიტორიაზე სტუდენტებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი კაფეები განთავსდება. იქნება კომპიუტერული პროგრამები, რომელთა გამოყენება სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ და ამავე დროს იქნება ჰოსტელი“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.

ჰოსტელი, რომლის სახელიც ამ ეტაპზე ზუსტდება, 350-400 საწოლზე იქნება გათვლილი. საწოლის ღირებულება 12 დოლარიდან დაიწყება და მაქსიმუმ 20 დოლარამდე მიაღწევს. ჰოსტელი ნინოშვილის ქუჩაზე, ქსოვილების ყოფილ ქარხანაში განთავსდება, რომელიც კომპანიამ შეიძინა. პროექტის მოცულობა 10 მილიონ დოლარს არ აღემატება და დაფინანსების მოსამოვებლად კომპანია EBRD-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

„ეს ცენტრალური უბანია, რომელიც ახლოს არის ძველ თბილისთან, შარდენთან და იმ ულამაზეს მხარესთან, რომელიც ისტორიული სადრბაზოებით და ლამაზი ფასადებით გამოირჩევა. ჯერჯერობით, ეს ტერიტორია კარგად ათვისებული არ არის. ამიტომ გვინდოდა ქალაქში კიდევ ერთი ახალი ტურისტული მიმართულება შეგვექმნა, რომელიც იაფი და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განმარტავს ჩეხერია.

ჰოსტელი, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში გაიხსნება.

„აჭარა ჯგუფი", ამ ეტაპზე, სამი სასტუმროს Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Tbilis და Rooms Hotel Kazbegi-ს მფლობელია. 2016 წლიდან კომპანიას კიდევ 2 მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება - სასტუმრო Intercontinental თბილისში და სასტუმრო Crowne Plaza ბათუმში.

ავტორ(ებ)ი : მარიამ მჭედლიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.