ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მუცო ბიზნესისთვის მიმზიდველი ხდება; – რეაბილიტაციის მიმდინარეობისას სოფელში კიდევ 2 ოჯახი დასახლდა
04 მაისი, 2017

განახლებული ციხე-ქალაქი მუცო ტურისტებს წლის ბოლოდან მიიღებს. პროექტი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. როგორც „კომერსანტს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „არქიტექსი" ახორციელებს.

ანთიძის განცხადებით,მუცოს რეაბილიტაცია  წლის ბოლომდე დასრულდება, დარჩება მხოლოდ კოშკი, რომელიც სრულად 2018 წლისთვის აღდგება.

„მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო, მეორე -მესამე ეტაპი 2015-2016 წელს მიმდინარეობდა, ამ დროისთვის კი რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი სრულდება.რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სამედიცინო პუნქტი და გარკვეული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალი. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადრე მუცოში მხოლოდ 1 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მუცოში ელექტრონერგიის და გზის პრობლემა არ არსებობს"-აცხადებს ანთიძე.

მისი განმარტებით, მუცო ბოლო პერიოდში ბიზნესისთვისაც მიმზიდველი გახდა. როგორც ანთიძე განმარტავს, ადგილობრივმა მკვიდრმა გასულ წელს კაფეც გახსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მუცო ტურისტულად უკვე საკმაოდ საინტერესოა. მისი განმარტებით, სააგენტო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად იმუშვებს იმაზე, რომ მუცო მუდმივად იყოს ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს.

ანთიძის განცხადებით, მუცოს რეაბილიტაციაზე ამ დროისთვის ჯამში 2.5 მილიონი ლარია დახარჯული, საიდანაც 1.2 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქათუმ" გამოყო.

პირიქითა ხევსურეთის შუა საუკუნეების ურბანული კომპლექსი მუცო, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მთის ფერდზეა გაშენებული. მუცოს ხუროთმოძღვრებაში სამი ძირითადი ნაგებობა გამოიყოფა: ციხე-სახლები; კოშკები, რომლებიც სათავდაცვო სისტემის განუყოფელი ნაწილია და აკლდამები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია გავრცელებული და მუცოში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

კლდეზე ნაგები კომპლექსი წლების განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ინგრეოდა. მისი რეაბილიტაციის გეგმა 2004 წლიდან არსებობდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა. მუცოს რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდით - ფიქალების მშრალი წყობით ხდება.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.