იუნესკოს დელეგაცია მცხეთას მაისში ესტუმრება – «ქალაქს განვითარების ახალი გეგმა 12 ოქტომბრამდე უნდა ჰქონდეს»
მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოში იუნესკოს ექსპერტები მაისში ჩამოვლენ, – ამის შესახებ „კომერსანტს" მცხეთის საკრებულოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, გენერალურ გეგმაზე მუშაობა 12 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ წერილი მივიღეთ იუნესკოდან, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ გეგმის მუშაობაში ჩართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტი და ეს უნდა იყოს ფართო კონსესუსის საგანი. ეს წერილი გადაეგზავნათ კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვას, იუნესკოს წარმომადგენლობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ამ წერილზე დანართის სახით არის ჩვენი წერილი და აღნიშნულია, რომ პროცესში ჩართულმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ეს წერილი სახელმძღვანელოდ და გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოთხოვნები. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით იუნესკოს დელეგაციას, პირადად უნდა ჩამოვიდნენ ექსპერტები და გვასწავლონ, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ ცუდი კუთხით ვაჩვენეთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი", - განუცხადა "კომერსანტს" მამულაშვილმა.
მისივე განცხადებით, იუნესკოს ექსპერტი განსაზღვრავს, რა სჭირდება ქალაქს და როგორი უნდა იყოს გენერალური გეგმა. ამასთან, ის თავადვე დაესწრება იმ პროცესებს, რაც განხორციელდება, ეს იქნება ტენდერი თუ სხვა ტექნიკური სამუშაოები. "ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ჩამოვა ექსპერტი და ჩვენს მუნიციპლიტეტთან და ძეგლთა დაცვასთან ერთად გაივლის დოკუმენტის პარამეტრებს ,რასაც ქალაქის გენერალური გეგმა ჰქვია. ანუ ამ დროისთვის ჩვენი მთავარი მიღწევაა, რომ ჩამოდის დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებს და ამავე დონის დოკუმენტის შექმნაში დაგვეხმარება", – დასძინა მამულაშვილმა.
ამასთან, როგორც მამულაშვილი აცხადებს, იუნესკომ ფაქტობრივად, დროში გაწერილი გეგმა წარმოადგინა. "მაისიდან სექტემბრამდე უნდა დასრულდეს ეს პროცესი და მითითებულია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრამდე ამაზე მუშაობა უნდა დავამთავროთ. ჩვენც ყველანაირად მხარს ვუჭერთ, რომ ეს პროცესი დროულად დასრულდეს",- ამბობს რევაზ მამულაშვილი.
შეგახსენებთ მცხეთის განვითარების გეგმა, რომლისთვისაც სარეზერვო ფონდიდან 160 ათასი ლარი გამოიყო და შემსრულებელმა კომპანია შპს „სალი 2011"-მა მიიღო, საკრებულომ დაიწუნა. როგორც „კომერსანტმა" გაარკვია მიუხედავად იმისა, რომ იუნესკომ და შემდეგ უკვე მცხეთის საკრებულომ ქალაქის განვითარების ახალი გეგმა არ მოიწონა, კომპანიას გეგმის თავიდან შემუშავების ვალდებულება არ აქვს. როგორც რევაზ მამულაშვილმა განაცხადა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით ახალი სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და მასში დაწუნებული გეგმის ავტორები ჩართული არ არიან.
იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა, როგორც „კომერსანტს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თეო ონიანმა განუცხადა, თუ საკრებულო მორატორიუმის ვადის ამოწურვამდე შეძლებს აღნიშნული დოკუმეტაციის მიღებას, მორატორიუმიც ვადაზე ადრე შეწყდება.
„მორატორიუმი ანუ ქალაქმშენებლობის შეზღუდვის არეალი მცხეთაში განისაზღვრა იმის გამო, რომ დღეს ქალაქს არ გააჩნია სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც საფრთხეს წარმოშობს, რომ მცხეთაში მშენებლობები წარიმართოს ისევე ქაოტურად როგორც ეს დღესდღეობით არის თბილისში და მივიღოთ ისტორიული იერსახისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობები. იუნესკოს რეკომენდაციებიც იყო, რომ შეზღუდვები დაწესებულიყო მთავრობის მხრიდან მანამდე, სანამ არ გვექნებოდა სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. შარშან წლის ბოლომდე მცხეთის მუნიციპალიტეტს უნდა შეემუშავებინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რის მიხედვითაც შეიქმნებოდა განაშენიანების რეგულირების გეგმა.
სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა თვითონ მცხეთის მუნიციპალიტეტმა დაიწუნა მათ მიერ დაქირავებული ჯგუფის შემუშავებული პროექტი. და მორატორიუმის ვადის გასვლის დროს აღმოვჩნდით ზუსტად იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო მორატორიუმის შემოღებამდე. შესაბამისად, რადგან არ იყო ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები მთავრობამ მიიღო მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება. თუ მოხდა და 3 თვეში შეიმუშავებენ დოკუმენტს 3 თვეში შეწყდება მორატორიუმიც. მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვქონდეს სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი გეგმა",-განაცხადა თეო ონიანმა.
ავტორ(ებ)ი: ნათია სოსიაშვილი
COMMERSANT.GE