მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა - თუ მსგავს ადგილს ეძებთ ღვინის ეზო N1-ს უნდა ესტუმროთ. ეს ტურისტული ობიექტია კახეთში, რომელიც საოჯახო ტიპის სამი თაობის მარანს, სახლს და ეზოს აერთიანებს.
ოჯახის კონცეფციაზე დამყარებული ტურისტული ობიექტის მიზანი სტუმრისთვის ქართული, კახური ოჯახის წარმოჩენა და აქაური ცხოვრების წესის გაცნობაა.
ღვინის ეზო N1 ტურისტებს ადგილობრივ კერძებსა და ქვევრის ღვინოს სთავაზობს.
თუმცა მხოლოდ კერძები და ტრადიციული სასმელის დაგემოვნება აქ როდი კმარა...
ობიექტმა კახეთის ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობა-გაზიარებაც იტვირთა. ღვინის ეზო N1-ს ადგილობრივი ბავშვთა სიმღერის ანსამბლიც ჰყავს. თუ მოისურვებთ ქართულ ცეკვებსაც გაგაცნობენ და ცხენებითაც გაგასეირნებენ ...
მასპინძლობის პროცესში ღვინის ეზომ თავად სტუმარიც ჩართო და პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
აქაურობის დედოფალი და იდეის ავტორი თიკა დუღაშვილი ვიზიტის ფარგლებში პაპისეულ მარანს დაგათვალიერებინებთ, ქვევრიდან ორშიმოთი ღვინის ამოღებას გასწვალით...
ადგილზე წარმოებული რქაწითელის და საფერავის ჯიშის ღვინის დეგუსტაცია, არყის გამოხდა და დაგემოვნება, პურის გამოცხობა, კულინარიული მასტერკლასები კი გარდაუვალია.
ობიექტს ორსართულიანი სახლი და ულამაზესი ეზო აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც.
ღვინის ეზო N 1 თბილისიდან 160 კილომეტრში კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ქინზმარაულის ზონაში მდებარეობს. აივნიდან ულამაზესი ხედი კავკასიონის მთებზე იშლება. სოფელში მე-V საუკუნის ისტორიული ძეგლებია.
ვიზიტი ღვინის ეზო N1-ში - მენიუ და შეთავაზებები
ღვინის ეზო N1 სტუმრებს დეგუსტაციების დიდ “თაიგულს“ სთავაზობს:
სამი სახეობის ღვინო - საფერავი, რქაწითელი (ქვევრის) ამ წლის და წინა წლის; ორი სახეობის ჭაჭის არაყი; მწვადი წალამზე; მწვადი - ღვინოში...
მენიუ გაჯერებულია ოჯახური რეცეპტით დამზადებული კერძებით ლორი, ღორის ხორცი კარტოფილთან ერთად, დამატებითი ცხელი კერძი ოჯახისგან; ჩახოხბილი ქათამი ან შქმერული, ახალი კარტოფილი კამით...
მენიუში თავისთავად შეგიძლიათ მოიძიოთ ყველი და პური, ტყემალი და მჟავე, სალათები და ნიგვზიანი ფხალი...
კომპოტი, მინერალური წყალი, ყავა და პიტნის ჩაი თაფლით...
ხილის ასორტი სეზონურად...
დაგემოვნება ერთია, თუმცა მეორე, და ალბათ ტურისტებისთვის უფრო სასიამოვნო ისააა, რომ კერძების მომზადებაში თავადვე ჩაერთონ - შეწვან მწვადი, დააცხონ ხაჭაპური... მწვადისა და ხაჭაპურის მასტერკლასი კი აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ჰოდა, მასპინძლები მხოლოდ მასტერკლასების შეთავაზებისთვისაც მზად არიან.
შეთავაზებები ღვინის ეზო N1-ს მრავალფეროვანი აქვს, ფასებიც განსხვავებული და ზედმეტად მისაღები. ეს მხოლოდ ტურისტს შესაძლებლობებსა და სურვილებზეა დამოკიდებული, რადგან თიკასთვს და მისი ოჯახისთვის მასპინძლობა საყვარელი საქმეა.
თუ თქვენთვის მხოლოდ ღვინის ეზო N1 საკმარისი არ არის მაშინ შეგიძლიათ პიკნიკიც მოითხოვოთ ხეობაში, საქართველოსა და დაღესტნის საზღვართან - ისტორიული ძეგლების დათვალიერებასაც მასპინძლები შემოგთავაზებენ. არც აგრო მიმართულებებზე გეტყვიან უარს, სეზონურ სამუშაოებში შეგიძლიათ ჩაერთოთ - აქ ხომ ყველაფერი წინასწარ გათვალეს.
დუღაშვილებს მცირე ფერმაც აქვთ, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით...
www.travelingeorgia.ge