რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმნის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობას წელს დაასრულებს – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.
„გენგეგმის შესაბამისად, აბასთუმანში, დამატებით, 5-6 ათასი სასტუმრო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, ეს აუცილებლად დააინტერესებს კერძო სექტორს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით მიმდინარეობს ისტორიული სახლებისა და ყველასთვის საყვარელი ნაციონალური ობსერვატორიის რეაბილიტაცია, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურაც ეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ტელესკოპისა და საბაგიროს აღდგენასაც, რომელიც აბასთუმნიდან ობსერვატორიაში ადის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, კურორტზე წესრიგდება წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, ელექტროხაზები, ინტერნეტის ქსელი, მოეწყობა საზოგადოებრივი პარკინგი, სკვერები, რეაბილიტირდება ბიბლიოთეკა და აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ასევე სხვადასხვა სახის დამხმარე ტურისტული ინფრატსრუქტურა, რაც დააინტერესებს ბიზნესს და ხელს შეუწყობს აბასთუმნის განვითარებას.
commersant.ge