აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება
„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი სწორედ „შპს პოზიტივია“ ხოლო არაოფიციალურად კი ყველამ იცის რომ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ ახორციელებს. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 6 -7 მლნ ლარია.
დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „პოზიტივის“ დირექტორს და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორს მალხაზ ჯეირანაშვილს დაუკავშირდა. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მშენებლობის ზუსტი ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.
„მშენებლობის ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარი იყო , თუმცა ხარჯები გაიზარდა, რადგან სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვილობაში მივიღეთ მონაწილეობა, ზუსტი თანხას ამ დრომდე არ ვიცით“, — განაცხადა მალხაზ ჯეირანაშვილმა.
ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. კომერსანტის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა ტერასული სისტემის ორ და სამსართულიანი იქნება. 100 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს სამშენებლო ფართი 2001 კვადრატული მეტრია.
მალხაზ ჯეირანაშვილის სახელს კიდევ ერთი გრანდიოზული მშენებლობა უკავშირდება – ის პანორამა თბილისის მთავარი არქიტექტორია. რაც შეეხება კომპანია “პოზიტივს“, სადაც ჯეირანაშვილს დირექტორის თანამდებობა უკავია, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გარი ხოსიტაშვილია. ჯეირანაშვილმა „კომერსანტთან“ შპს „პოზიტივზე“ და გარი ხოსიტაშვილზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, ხოსიტაშვილზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ linkedin— ში მოვიძიეთ. როგორც ირკევა, შპს პოზიტივის დირექტორი წარსულში რუსეთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ კრიმინალისტად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დაბას პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა. დასასვენებლად ჩასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაკვირვება გამოთქვა კურორტი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა და ადგილობრივებს მისი აღმშენებლობის პირობა მისცა.
როგორც მალხაზ ჯეირანაშვილმა კომერსანტთან საუბარში აღნიშნა, მართალია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დამკვეთი „შპს პოზიტივია“, მაგრამ პროექტს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ აფინანსებს.
რა ფორმით არის ჩართული ფონდი ქართუ საავადმყოფოს მშენებლობის დაფინანსებაში, არქიტექტორი არ აკონკრეტებს. ამიტომ დეტალების გარკვევა კომერსანტმაც სცადა, თუმცა ფონდ ქართუსთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქალაქის ნომერზე, რომელიც ოფიციალურად არის საიტზე მითითებული არავინ პასუხობს.
აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის სახელს მხოლოდ ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა არ უკავშირდება. თანაინვესტირების ფონდი აბასთუმანში, „მარიოტი“-ს საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ააშენებს. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მალხაზ ჯეირანაშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ფონდ ქართუ“-ს აბასთუმანში დაწყებული აქვს მუშაობა წყლის სისტემის მშენებლობაზეც, რაზეც რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.
როგორც ცნობილია, აბასთუმანში უკვე დაწყებულია განადგურების პირას მისული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.
commersant.ge