აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა – რა დაავადებებს და როგორ უმკურნალებენ ახალ ცენტრში
„აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდება“,- ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „პოზიტივის“ დირექტორმა და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარმა არქიტექტორმა მალხაზ ჯეირანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფონდი ქართუ უახლოეს მომავალში ახლად აშენებულ საავადმყოფოს სახელმწიფოს გადაეცემა, რის შემდეგაც ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტების მიღებას შეძლებს.
ოფიციალური დოკუმენტებით მშენებლობის დამკვეთი საქველმოქმედო ფონდი “ატუა“, არაოფიციალურად კი ყველამ იცის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის “ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განახორციელა. მალხაზ ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 5 მლნ ლარია. სამშენებლო-სამონტაჟო ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი 400 ლარი იყო.
ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. საავადმყოფო 100 პაციენტზეა გათვლილი. ცენტის სამშენებლო ფართი 4400 კვადრატული მეტრია.
სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მოეწყო და მოპირკეთდა საავადმყოფოს ეზო, სადაც იტალიიდან ჩამოტანილი მარავალწლიანი ნაძვები, ფიჭვები და ფოთლოვანი მცენარეები დაირგო.
ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტიკომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პროფილის სამედიცინო დაწესებულება პირველად იხსნება არა მარტო საქართველოში, არამედ ასეთი დაწესებულება ამიერკავკასიის მასშტაბითაც პირველია. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ ტუბერკულიოზის მკურნალობა არ იქნება შესაძლებელი.
„ახლა საბოლოო ტესტირებებს გავდივართ. ეს იქნება ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების სარეაბილიტაციო— სამკურნალო ცენტრი. აქ შევა პროფესიული დაავადებები, მუნიკულიოზი, ქრონიკული ბრონქიტები, სარკოიდოზები, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. აქამდე თუ იყო ტოლობის ნიშანი ტუბერკულიოზი აბასთუმანია, შეიქმნა ისეთი რეალობა, რომ თანამედროვე მედიკამენტებით აღარ საჭიროებს დაავადება აქცენტირებას. სარეაბილიტაციო ცენტრში იქნება კომპლექსური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები, როგორც რენტგენი, ექოსკოპია, სრული ბიო-ქიმიური კვლევა. ძალიან ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი ფიზიო პროცედურები – სატრენაჟორო დარბაზი, სპეციფიური სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი. მოეწყობა მარილის ოთახი, ასევე გვექნება სხვადასხვა არომატის ინჰალაციები. ხშირად ვინც ავადმყოფობს ფილტვის ანთებით, გრიპოზული მდგომარეობებით, ეს ცენტრი იქნება მოწოდებული რომ, ზოგადად, მდგრადობა აუმაღლოს. ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო, ანუ ეს იქნება ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამა. საწყის ეტაპზე პაციენტთა მიმართვიანობა განისაზღვრება თბილისშ,ი ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. მომავალი წლიდან იგეგმება სამედიცინო ტურიზმის კუთხითაც მუშაობა და პაციენტების მოზიდვაზეც იქნება აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა რევაზ ჟღენტმა.
Commersant.ge