აბასთუმნის მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის პროექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.
„დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის პროექტები. დასკვნით ფაზაშია გადასული ავტოსადგომის მშენებლობა და აბასთუმნის განახლების პროექტი, რაც კურორტს ბუნებრივი პოტენციალის სრული წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს. გაჩნდება საინტერესო ახალი ელემენტები, რომლითაც აბასთუმანი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ თავისი ბუნებრივი პირობებით, არამედ იმ განვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად დაბაში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სახეზეა კერძო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისითაც. შენდება სხვადასხვა კონცეფციის და სხვადასხვა ტიპის ტურიზმზე გათვლილი მაღალი კლასის სასტუმროები, რომელიც კურორტს სხვა დატვირთვას შესძენს“ - აცხადებს ქარსელაძე.
აბასთუმნის ურბანული განახლების დასრულებული და მიმდინარე პროექტები და დაბაში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროები („რუმსი“, „ჰილტონი“ და „პარაგრაფი“) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც, მოინახულა.
აბასთუმნის შესასვლელში, გრძელდება 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი, ავტოსადგომის მშენებლობა; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში კი, მიმდინარეობს, დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველო ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.
აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის 1.5 მეტრიან ტელესკოპს და 12 მეტრის რადიუსის გუმბათს ავსტრიული კომპანია უკვე ამზადებს
უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.