მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტ აბასთუმნის მასშტაბური რეაბილიტაციისთვის ემზადება.
ფონდის ინფორმაციით, აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორის ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაცია სამუშაოების პროექტის შეფასება უახლოეს დღეებში დასრულდება.
სწორედ შფასების დროს დაზუსტდება საინვესტიციო თანხები და რეაბილიტაციის ვადა.
შეფასების შემდეგ, მათი ცნობით უახლოეს მომავალში დონორი მსოფლიო ბანკი ტენდერს გამოაცხადებს და კომპანიის შერჩევის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ფონდის ცნობით, იგეგმება სახლების, საბაგიროს, ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ასევე გზებისა და ბილიკების კეთილმოწყობა.
გაცხადებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის რეაბილიტაცია.
განახლებულ შენობაში განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, კაფე და ვერანდა, საგამოფენო სივრცე, ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სხვა. დაგეგმილია მთლიანად გამოიცვალოს კომუნიკაციები, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდება საკუთრივ ტელესკოპის კოშკის ინტერიერში, სადაც სამუშაოების წარმოება დაკავშირებულია განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან.
აღსანიშნავია, რომ გაცხადებული იყო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებით აუზის განახლებაც იგეგმებოდა, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა ამ ეტაპზე ფონდში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში აუზი არ მოიაზრება.
ავტორ(ებ)ი: GBC.GE