აბასთუმნის ობსერვატორიისა და ისტორიული სახლების რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება
აბასთუმანში XIX-XX საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ისტორიული ხის სახლების, ობსერვატორიისა და მიმდებარე საბაგირო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაციას. აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
„მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას“ - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge