მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის და მიმდებარე საბაგირო გზის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი მოიცავს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში განთავსებული 18 სახლის რეაბილიტაციას, რომელზე ჩასატარებელი სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, განსხვავდება სირთულითა და მასშტაბით.
პროექტის საწყის ეტაპზე, ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ, მსოფლიო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად, მოამზადა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდა დონორ ორგანიზაციასთან. იმ სამშენებლო აქტივობებიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილია თითოეული შენობისათვის, განისაზღვრა შენობის კატეგორია, რომლის საშუალებითაც დადგინდა, თუ რომელი შენობის მაცხოვრებლები ექვემდებარებიან დროებით განსახლებას რეაბილიტაციის პერიოდში. გეგმა ითვალისწინებს დროებით განსახლებას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისათვის შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გადახდას. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა დროებითი განსახლებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხებისა, ბენეფიციარები ღებულობენ ავეჯის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ კომპენსაციას. ასევე, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული გეგმა ითვალისწინებს მოწყვლადი პირებისათვის დამატებითი კომპენსაციების გაცემას.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მე-2 ეტაპის სამუშაოები. დაბა აბასთუმანში, საპროექტო ზონაში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განხორციელდა 20 ოჯახის დროებით განსახლება და მათთვის შესაბამისი კომპენსაციების სრულად ანაზღაურება.
www.travelingeorgia.ge