აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს შემოდგომაზე, 3-8 სექტემბერს უმასპინძლებს.
რეგიონში უცხოელი და ქართველი ორნითოლოგებსა და მოხალისეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელიან. სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები.
ფესტივალს მოწვეული ქართველი სტუდენტების და ექსპერტების ჯგუფი, ასევე აჭარაში არსებული ტურისტული სააგენტოები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.
ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.
ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება.
www.travelingeorgia.ge