აჭარაში საკრუიზო ხომალდები უკვე მეორე წელია არ ჩანან, რასაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბოლო დროს განვითარებულ გეოპოლოტიკურ მოვლენებს უკავშირებს.
სულხან ღლონტი ამბობს, რომ ასეთი კომპანიების დასაინტერესებლად მართლაც აქტიურად მუშაობს, თუმცა პრობლემა გლობალურია.
„შავი ზღვა ბოლო წლების განმავლობაში საკრუიზო მიმოსვლებისთვის და ამ სეგმენტში მომუშავე ბიზნესისთვის მიმზიდველი აღარ არის. ამაში დიდი როლი ითამაშა ყირიმის მოვლენებმა. ასევე მნიშვნელოვანია საკითხია – აფხაზეთი. ეს არის პოლიტიკური საკითხი და შესაბამისად ამ ბიზნესში დაკავებული ადამიანებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი. ეს იმდენად გლობალური საკითხია, რომ მხოლოდ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუმცა ჩვენ ამ მხრივ მართლაც აქტიურად ვმუშაობთ.
ყველა გამოფენაზე (2017 წელს სულ 22 გამოფენა იქნება) აქტიურად ვმუშაობთ, რომ ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების მოზიდვა შევძლოთ. საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენს პრეზენტატორებს სპეციალური დავალება აქვთ, რომ მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ საკრუიზო კომპანიებთან, ელაპარაკონ მათ საქართველოს პოტენციალზე და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. გულწრფელად ვცდილობთ, რომ თითოეული მნიშვნელოვანი მომენტი გამოვიყენოთ. სირთულეები გვესმის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პრობლემა დაძლევადია“, მიიჩნევს სულხან ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს ტერიტორიულ წლებში არც ერთი საკრუიზო ხომალდი არ შესულა. სტატისტიკური ინფორმაციით, 2015 წელს ბათუმის პორტში 11 საკრუიზო ხომალდი შევიდა, რომელმაც საქართველოს შავი ზღვის პირეთში 4 551 ტურისტი შეიყვანა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 2014 წელს შევიდა. საუბარია 33 საკრუიზო ხომალდსა და 14 793 ტურისტზე.
www.bpi.ge