ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
12 სექტემბერი, 2017

აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს 24-30 სექტემბერს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2012 წლიდან ტარდება ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მიიჩნევს, რომ ფრინველებზე დაკვირვება ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფესტივალების ჩატარება კონკრეტული სეგმენტის გარდა სოფლად ტურიზმის განვითარებასაც განაპირობებს.

„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან იმართება, რაც ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და თავის თავში მოიცავს არამხოლოდ ტურიზმს, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობასაც. მსოფლიოში ბევრი ადგილი არ არის, საიდანაც ფრინველებზე დაკვირვება ხდება და ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი აჭარაში გვაქვს, რაც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ვიზიტორების დინამიკა საკმაოდ მზარდია. მაგალითად, მხოლოდ 2016 წელს, მხოლოდ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ფარგლებში, 1500 ღამისთევა გვქონდა და ის მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ მიმართულებით აჭარაში ჩამოდიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მის განვითარებას ხელი შევუწყოთ რეკლამირებით, სხვადასხვა მარკეტინგული არხის გამოყენებით ინფორმაციის გავრცელებას, რომ ჩვენთან ასეთი რამ ხდება. ფრინველებზე დაკვირვება არ არის მხოლოდ ტურიზმი და წელსაც ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც აჭარაში ფრინველებზე დაკვირვებას მიეძღვნება. თუ რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება, ეს კიდევ უფრო წაახალისებს და განავითარებს სოფლად ტურიზმს. ფრინველზე დაკვირვება ხდება აჭარაში განთავსებული პლატფორმებიდან. ეს პლატფორმები კი თავისთავად სოფლებშია შექმნილი და შესაბამისად ღამისთევა ხდება მიმდებარე სოფლებში. მოსახლეობისთვის ეს არის კონკრეტული შემოსავალი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ტურისტები, ვიზიტორები, მეცნიერები კმაყოფილები იყვნენ და ასევე კმაყოფილნი წავიდნენ და ისევ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სასტუმრო სახლების პერსონალის გადამზადებას სემინარებისა და ტრენინგების საშუალებით, რათა ისინი კარგად დახვდნენ ტურისტს“, აცხადებს სულხან ღლონტი.

უკვე ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ გასვლით ლექციებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური. აღნიშნული ფესტივალისთვის დეპარტამენტმა მოაწყო სათვალთვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა სოფელ შუამთაში. დეპარტამენტი ასევე ხელს უწყობს იმ საოჯახო სახლების განვითარებას, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან სოფლებში მდებარეობს. ტურიზმის ამ სახეობას კი, რომელიც აჭარაში ფეხს იდგამს პოპულარიზაციას უწევს როგორც შიდა ასევე უცხოურ ბაზრებზე ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო რგოლების შესაბამის თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებით. ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. მას მიმდინარე წელს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება (SABUKO) უწევს ორგანიზებას, რომლის ხელმძღვანელსაც 2016 წელს, აჭარაში გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით გაწეული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში საკონტაქტო ნომერზე: +995 977 90 90 93/ +995 977 90 90 91 ან ელექტრონული ფოსტით agency@gobatumi.com. მონაწილეებისთვის ყოველდღიურად მოეწყობა გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების სხვადასხვა ადგილებზე.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.