ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში გიდებისთვის პრაქტიკული უნარებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები იწყება
02 მაისი, 2018

მაისიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებისთვის ტრენინგებს იწყებს.

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 30 დამწყები და მოქმედი გიდი ბათუმის, ქედის ღვინისა და მაჭახელას ტურიტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება.

თეორიულ-პრაქტიკული კურსი  აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს.

თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.

 

გიდებისგან განსხვავებით, წელს პირველად იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები მაღალმთიან აჭარაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე შეასწავლის.

თვენახევრიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები სტუმარ-მასპინძლობისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს ისწავლიან, რაც სტუმრის მიღებისთვის, გამასპინძლებისა და სერვისების შეთავაზებისთვის აუცილებელ ტერმინოლოგიას მოიცავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია მთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე ნელ-ნელა გამოსწორდეს ენის ბარიერი, რაც საოჯახო ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებსა და მოგზაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კურორტ გოდერძის შემდეგ ტრენინგები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ტურისტთა ნაკადები მზარდია. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გასულ წელს 500-მდე ადამიანი გადაამზადა. მათ შორის იყო 100-მდე გიდი მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.