ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ღვინის ხარისხი არ მოწმდება, ეს ღვინის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს – „არჩეული 1920“- ის დამფუძნებელი
05 აპრილი, 2019

“აჭარული მეღვინეობის მთავარი გამოწვევა ხარისხია. კახეთში ღვინის დიდი ცნობადობაა, ძალიან ბევრი ტრენინგები ტარდება, ექსპერტები ჩაჰყავთ, ხოლო აჭარას ამ მხრივ ყურადღებას არავინ აქცევს. არადა,  ამ მიმართულებით კუთხეს ძალიან დიდი დახმარება სჭირდება. აქ ღვინოს ბევრი კომპანია აწარმოებს მაგრამ, რადგან ცოდნა და ცნობადობა დაბალია,  კარგი ღვინის წარმოებაზეც პრეტენზია არ აქვთ. ცნობადობა როდესაც გაიზრდება, ექსპერტები ჩამოვლენ და შეაფასებენ ვის როგორი ღვინო აქვს, ყველა დაიწყებს ზრუნვას ხარისხის გამოსწორებაზე. რეგიონში არაა ხარისხიანი ლაბორატორია, სადაც ღვინო შეიძლება შემოწმდეს ან თუ არის ისეთი ფასი ღირს, რომ გლეხი ვერ იხდის.  ყველა ამბობს, რომ კარგი ღვინო აქვს, მაგრამ  საქმე ხარისხზე რომ მიდგება საბუთს ვერავინ გაჩვენებს. ყოველივე ამის გამო  აუცილებელია, რომ რეგიონში ლაბორატორია გაკეთდეს“, – განაცხადა „კომერსანტთან„ საუბარში კომპანია „არჩეული 1920„-ის დამფუძნებელმა ვაკო აფხაზავამ.

მისი თქმით, აჭარული ღვინის წარმოებას პრობლემას უქმნის ისიც, რომ ამ მიმართულებით არც ღვინის ეროვნული სააგენტოა დაინტერესებული. არადა, იმისთვის, რომ აჭარული ღვინის მეურნეობა განვითარდეს,  ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მეღვინეებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

 „არჩეული საოჯახო ღვინო არის ბევრად მეტი, ვიდრე ოჯახის საკუთრებაში არსებული ღვინის კომპანია“, – ასე იწყებს ღვინის მწარმოებელი, ვაკო აფხაზავა საკუთარი კომპანიაზე საუბარს.

აფხაზავა „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წარმოება 2 წლის წინ მამა-პაპისეულ მიწაზე დაიწყო. ოჯახი სოფელ არჩეულში 1918 წელს დასახლდა, აფხაზავები ღვინოს სწორედ ამ დროიდან აწარმოებდნენ. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საოჯახო საქმიანობა ერთ დღესაც ბიზნესად იქცეოდა, და ქვევრებში რომელიც 1920 წლით თარიღდება ღვინო გასაყიდად ჩაისხმებო0ა.  ოჯახის წარსულს უკავშირდება კომპანიის სახელიც:

„ქვევრები, რომელიც ეზოში გვაქვს 1920 წლით თარიღდება, ამიტომ ჰქვია ჩვენს წარმოებას არჩეული 1920. წარმოება მამა- პაპისეულ მიწაზე და ტრადიციაზე ავაგეთ. როგორც საოჯახო ბიზნესი, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ინტერესები ჩვენი ღვინო  წლების შემდეგაც  განსაკუთრებული ხარისხით კეთდებოდეს. ფესვები, ჩვენი ურყევი ერთგულება, მემკვიდრეობა, ვენახები და მეღვინეობის პრაქტიკა გვაძლევს რწმენას, რომ ხარისხი არის გადამწყვეტი“,– განაცხადა ვაკო აფხაზავამ.

დღეს „არჩეულ 1920“ -ში ოთხი ტიპის ღვინოს აწარმოებენ. ესენია: საფერავი, ცოლიკაური, რქაწითელი, ჩხავერი. საოჯახო ტიპის მარანი საშუალოდ 5000 დან 7000 მდე ბოთლს აწარმოებს, გაყიდვის ბაზარი კი ძირითადად ადგილობრივია და აჭარაში იყიდება. საფასო ღირებულება კი 15 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს. კომპანიის დამფუძნებელი „კომერსანტთან„ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ შეღავათიანი აგრო კრედიტის აღებას გეგმავს, რაც არჩეულ 1920 განვითარებაში დაეხმარება.

„ამ ეტაპზე ოთხი ტიპის ღვინო გვაქვს.  მალე დაგვემატება ალადასტური, რომელიც ასევე ჩვენი რეგიონისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლოდ ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების შემოტანას ვგეგმავთ როგორიცაა ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა. ექსპორტზე, სამწუხაროდ, ვერ ვფიქრობთ იქედან გამომდინარე, რომ რაოდენობა ცოტა გვაქვს. სამომავლოდ ვაპირებთ უცხოურ ბაზარზე გასვლას, რადგან გაფართოებას ვგეგმავთ მაგრამ, ისეთ მასშტაბით არა როგორც ტიპური ქარხნებია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება საოჯახო მარანია, სურვილიც არ გვაქვს  ქარხნის დონემდე მივიდეთ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხარისხზე იმოქმედებს. ჩვენი პლუსი არის ის, რომ საოჯახო მარანი ვართ და გემოვნური თვისებები მაქსიმალურად არის დაცული“, – აღნიშნავს ვაკო აფხაზავა.

როგორც ვაკო აფხაზავა აცხადებს, რეგიონში ღვინის ხარისხი არ მოწმდება, რაც ღვინის სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. „არჩეული 1920„  ნატურალურ და ხარისხიან ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული, გამომდინარე იქედან, რომ კარგი ღვინის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება, საფასო ღირებულებით კომპანია კონკურენციას ვერავის უწევს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.