ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში რუსი ტურისტების 80%-მა ჯავშნები გააუქმა
12 ივლისი, 2019

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ კაიკაციშვილის განცხადებით, უწყებას  რუსეთის დაწესებული ავიასაქნციების გავლენის შეფასების მიზნით რამდენიმე დღის წინ აჭარის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე არსებულ განთავსების 298 ობიექტთან ჰქონდა კომუნიკაცია, საიდანაც კონკრეტული რიცხვებით ინფორმაცია მათ სასტუმროში არსებულ მდგომარეობაზე მხოლოდ 105-მა ობიექტმა მიაწოდა.

კერძოდ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ინფორმაცია ბათუმის, ქობულეთის, სარფის, კვარიათის, გონიოს, მწვანე კონცხის და ჩაქვის სანაპირო ზოლებიდან გამოითხოვა.

როგორც კაიკაციშვილი განმარტავს, სასტუმროების მიერ მოწოდებულ ციფრებზე დაყრდნობით რუსული ჯავშნების წილი 100 და მეტ ნომრიან სასტუმროში დაახლოებით 15-20%, ხოლო 50-დან 100-ნომრის მქონე სასტუმროების შემთხევაში  დაახლოებით 25%-ი იყო. 15-დან 50 ნომრის მქონე განთავსების ობიექტში რუსი ტურისტების ჯავშნების წილმა დაახლოებით 30% შეადგინა, 15 და 15-ზე ნაკლები განთავსების ობიექტში კი რუსი ტურისტების ჯავშნები დაახლოებით 60-65% იყო.

მისივე თქმით, ჩამოთვლილ ობიექტებში რუსი ტურისტების ჯავშნების თითქმის 80%  გაუქმდა.

„აღნიშნულ განთავსების ობიექტებში რუსული ჯავშნების წილი მთლიანი ჯავშნების დაახლოებით 30-35% იყო. დანარჩენი 65-70% ჯავშნებისა ევროპული და სხვადასხვა ქვეყნების ჯავშნები იყო, რაც არ გაუქმებულა”-აცხადებს კაიკაციშვილი.

bm.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.