შენობების უსაფრთხოებასა და კონკრეტული რეგლამენტის მოთხოვნებზე ისაუბრეს აჭარაში გამართულ შეხვედრაზე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას, სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე, საპროექტო და დეველოპერული ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები ესწრებოდნენ.
შენობების უსაფრთხოების რეგლამენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის კონსულტანტებმა მოამზადეს, დოკუმენტი კი ძალაში მიმდინარე წლის იანვარში შევიდა.
რეგლამენტი შენობის დაგეგმარებისას უსაფრთხოების კომპონენტის გაუმჯობესებას არეგულირებს და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდში შენობის უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების რეგლამენტის ძირითადი კრიტერიუმებია: შენობის ცეცხლმედეგობა, შეუფერხებელი ევაკუაცია, შენობის დაგეგმარების პროცესში სამაშველო ოპერაციების სქემის გათვალისწინება, გასასვლელი კიბეების და ლიფტების მოწყობა, სამშენებლო მასალების ხარისხი, ხანძრის აღმომჩენი საშხეფი სისტემის მონტაჟის აუცილებლობა.
შეხვედრაზე რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები რომელიც, დოკუმენტის ცვლილების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
www.bpi.ge