აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც 7 ქვეყნის 150 დელეგატი ესწრება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება და მისი მთავარი მიზანია სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა.
კონფერენციის პირველი პრეზენტაცია აჭარის ტურისტულ პოტენიალს დაეთმო, რის შემდეგაც სტუმრებს ლიტვის, მოლდოვისა და უკრაინის გამოცდილება სოფლის ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ამავე ქვეყნებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს.
კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს აჭარაში დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში ტურიზმის განვითარების შესახებ, სადაც გაერო-ს განვითარების ფონდის ბათუმის პროექტის მენეჯერმა ირაკლი გორაძემ მაჭახელის ეროვნული პარკის მაგალითი წარმოადგინა.
დღესვე უცხოელი და ქართველი საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენენ. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
www.imedinews.ge