აჭარის მთავრობა ინვესტორებს, რომლებმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს მორიგ შეთავაზებას უკეთებს
აჭარის მთავრობა ინვესტორებს, რომლებმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს მორიგ შეთავაზებას უკეთებს. რეგიონის მთავრობამ ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ინვესტორებს, რომლებსაც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება გაუჭირდათ, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე, ვალდებულებების გადავადება და ჯარიმებისგან განთავისუფლება შესთავაზა.
თუმცა როგორც „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, არსებული რეგულაციით ინვესტორს შესაბამისი განაცხადის გაკეთება 2022 წლის 1-ელ ივლისამდე შეეძლო ანუ თუ ინვესტორი რეგიონის მთავრობას გადავადებისთვის მიმართავდა და შესაბამის საბანკო გარანტიასაც წარადგენდა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, ზოგიერთმა კომპანიამ ვერ შეძლო საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება და ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა თავად გადაეწია განაცხადების მიღების ვადები მიმდინარე წლის ბოლომდე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანდემიის დასაწყისიდან ამ ტიპის შეღავათებით 130-მდე კომპანიამ უკვე ისარგებლა.
როგორც აჭარის ავტონომიური მთავრობის №5 დადგენილებიდან ირკვევა, ინვესტორები, რომლებიც 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და იმავდროულად უზრუნველყოფენ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი ვადა.
უფრო კონკრეტულად, ინვესტორებს, ვისაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოეშვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, დამატებით 30 თვე მიეცემათ. (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოქმნის დღიდან);
ინვესტორებს, ვისთანაც 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 18 თვის ვადა;
ინვესტორებს, ვისთანაც 2021 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 12 თვის ვადა;
ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.
commersant.ge