ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ზოგიერთი კვების ობიექტი გაყიდვების 20%-30%-იან კლებაზე საუბრობს, ზოგი კი – ზრდაზე
16 აგვისტო, 2019

2019 წლის 8 ივლისის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისით ფრენების აკრძალვის შემდეგ აჭარის რეგიონში სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები ზღვისპირა რეგიონში რუსი ტურისტების შემცირებისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო გაყიდვების კლებაზე საუბრობენ, თუმცა მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ზოგიერთი მათგანი ყურადღებას გაყიდვების ზრდაზე ამახვილებს.

რაც შეეხება აჭარაში რუსი ტურისტების კლების საკითხს, კვების ობიექტებში აღნიშნავენ, რომ რუსი ტურისტები ჩარტერული რეისებით ქვეყანაში შემოსვლას მაინც ახერხებენ.

ბათუმში მდებარე კაფე “რეტროში” განმარტეს, რომ წელს კვების ობიექტს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 15%-იანი ზრდა აქვს, თუმცა “რეტროში” მიიჩნევენ, რომ არა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გაუქმება, წელს ბიზნესს გაყიდვების მაჩვენებელი გაცილებით მეტი ექნებოდა. რაც შეეხება ქობულეთის ფილიალს, “რეტროში” აღნიშნავენ, რომ ბათუმთან შედარებით ქობულეთში ტურისტების საგრძნობი კლება შეინიშნება.

“ბათუმში ტურისტების რაოდენობის მატება გვაქვს. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს, ადგილები არ გვრჩება და რიგები დგას. რუსი ტურისტები ნაკლებად გვყავს და ძირითადად უკრაინელი, ბელორუსი და ქართველი ტურისტები გვსტუმრობენ.

ზოგადად ტურისტების რაოდენობას რაც შეეხება, ბათუმში მათი კლება შეინიშნება. გარეთ ცოტა რუსი ტურისტი დადის, ხოლო ვინც არის ისინი ჩარტერული რეისით მოდიან.

ქობულეთში მუშაობა საერთოდ არ არის, შარშან რომ 10 000 ვვაჭრობდი, წელს ეს თანხა 2 000-მდე ჩამოვიდა”, – განაცხადეს “რეტროში”.

ბათუმში მდებარე რესტორან “ქალაქურში” გაყიდვების 20%-იან კლებას, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გარდა, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსაც უკავშირებენ.

“წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20%-იანი გაყიდვების კლება გვაქვს. მიუხედავად აკრძალვისა, რუსი ტურისტები მაინც გვყავს, რადგან ისინი ჩარტერული რეისებით მოფრინავენ, ასევე გვსტუმრობენ უკრაინელები”, – განაცხადა რესტორნის მენეჯერმა ირინა გაროზაშვილმა.

კვების ობიექტში “ბრავო” განმარტავენ, რომ გასულ წელთან შედარებით წელს მათთან ტურისტების 30%-იანი კლება შეინიშნება.

“შარშანდელთან შედარბით, წელს ჩვენთან ტურისტების რაოდენობამ იკლო და კმაყოფილები არ ვართ. რა თქმა უნდა, ამას ნაწილობრივ რუსი ტურისტების კლებას ვუკავშირებთ. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 2019 წელს გაყიდვების 30%-იანი კელბა გვაქვს. კლება ბათუმში გაზრდილ კვების ობიექტებს შორის კონკურენციამაც გამოიწვია”, – აღნიშნეს “ბრავოში”.

გარდა ამისა, როგორც ბათუმში მდებარე კაფე “გარდენსში” განაცხადეს, წელს, გასულ წლებთან შედარებით ტურისტების კლება შეინიშნება.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.