ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა «ტურიზმის ინსტიტუტი» დააფუძნა
01 მაისი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა ტურიზმის ინსტიტუტი დააფუძნა. "ტურიზმის ინსტიტუტი" არის აპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. 

ტურიზმის ინსტიტუტის გამგეობის წევრია იაგო კაჭკაჭიშვილიც. ინსტიტუტმა უკვე დაასრულა პირველი კვლევა, რომელიც დარგის კანონმდებლობას ეხება. 

„ჩვენ ვიკვლევთ ტურიზმისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ფაქტებითაა გამყარებული. მსგავსი მიდგომებით გაკეთდა კვლევა ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე. კვლევის გარდა ჩვენ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კონსულტაციების გაწევაც. კონსულტაციას გავუწევთ ნებისმიერს ვისაც ამის საჭიროება აქვს, - მათ შორის ინვესტორებს და სახელმწიფო ორგანოებს“, - ამბობს მამუკა ბერძენიშვილი. 

მისივე თქმით, საქართველოში კანონი ტურიზმის შესახებ დასახვეწია. როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, განსასაზღვრია უწყება, რომელიც წარმართავს ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკას, - „სამწუხაროდ ეს კანონში არ ჩანს და ბუნდოვანია. სხვადასხვა ორგანოების ფუნქციები ინსტიტუციურად არ არის გამყარებული და განსაზღვრული. ასევე არაა განმარტებული მნიშვნელოვანი ტერმინები, - მაგალითად სასტუმრო და მისი სხვადასხვა კატეგორია. ჩვენ არ გვაქვს კანონში ის საბაზისო საკითხები განსაზღვრული, რომელსაც ემყარება მთლიანად ტურიზმის განვითარება რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

ასევე პრობლემაა სტატისტიკის წარმოება, რომელსაც უნდა არეგულირებდეს კანონმდებლობა. უნდა იყოს განსაზღვრული "საქსტატის" როლი რეგიონალურ დონეზე განსაკუთრებით. საქართველოს კანონი სტატისკის შესახებ ამბობს, რომ საქსტატს აქვს შესაძლებლობა გამოითხოვოს ინფორმაცია ყველა განთავსების ობიექტიდან, რაც საშუალებას მოგვცემს სტატისტიკა სრულყოფილად ვაწარმოოთ, რაც დღეს არ ხდება და სახელმწიფო არ ფლობს თუნდაც სასტუმროების და მათში განთავსების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას. 

დღეს ვიცით მხოლოდ საზღვრებიდან შემოსულ სტუმრებზე ინფორმაცია, თუმცა უნდა ვიცოდეთ შემდგომ ისინი როგორ ნაწილდებიან რეგიონებში“, - ამბობს ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ კანონში მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. 

„საქსტატს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია სასტუმროების დატვირთულობის შესახებ, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით ამას არ აკეთებს. შესაბამისად სხვა ორგანოებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ და ტურიზმის დეპარტამენტი სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ კანონი არ ითვალისწინებს ტურისტული ობიექტების ცალკე დარეგისტრირებას - ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით რომ მსგავსი რეგისტრაცია მოხდეს. ეს უნდა რეგულირდებოდეს კანონით - თუ ჩვენ არ ვიცით რამდენი სასტუმრო გვაქვს არ გვეცოდინება თუ რამდენი სტუმარი დარჩა ქვეყანაში“, - განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.