ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ეკლესიის რესტავრაციის პროექტი რიყის ქვით ნაგები სავალალო მდგომარეობაში არსებული სუბსტრუქციიის კედლების გამაგრებას გულისხმობს.
ფიზიკური სამუშაოების I ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება და ითვალისწინებს სუბსტრუქციის ბაქანის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გასუფთავებას ბუჩქებისა და ხე-მცენარეებისაგან, ტაძრის ტერასის გასუფთავებას ნაყარი მიწისა და კედლის ნაშალისაგან და ამორტიზებული დასავლეთი კედლის დაშლას.

პროექტის ფარგლებში ბაქანის საძირკვლისთვის მოეწყობა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადების მონოლითური კედლები, რომელიც რიყის ქვით შეიმოსება. ტაძრის ეზოში მდებარე კიბის საფეხურებზე დახერხილი კირქვები დაიგება. კირქვითვე მოეწყობა კიბიდან ტაძრამდე მისასვლელი ბილიკიც. კიბესა და აღდგენილი სუბსტრუქციის ტერასაზე კი ლითონის მოაჯირები დამონტაჟდება.
აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე სამუშაოებს კომპანია "ტაოტბელი" ახორციელებს.
ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.

ტაძრის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხირციელდება.
www.travelingeorgia.ge