ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ - თელავში ბატონის განახლებული მუზეუმი გაიხსნა
17 მაისი, 2018

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა. ეს ის ადგილია, რომელიც კახეთში აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის უნდა მოინიშნოთ.

რეაბილიტაციის ფარგლებში  თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცე შიექმნა და კახეთს ტურიზმის განვითარებისთვის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.

აშენდა ახალი მუზეუმი და ტერიტორიის კეთილმოეწყო, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს. მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო  აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები  და  რარიტეტული  გამოცემები. გაკეთდა დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა ქეთევან იაშვილის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად, რომელშიც მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ტილოები,  XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX-XX საუკუნეების ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფერწერის ნიმუშები.

მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.

მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. დამონტაჟდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.

პროექტის ღირებულება 10,9 მლნ ლარია.

მუზეუმის მშენებლობასთან ერთად მუზეუმი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით (ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, საექსპოზიციო ვიტრინები, საოფისე ავეჯი). ბატონის მუზეუმი თელავის ისტორიული მუზეუმის მართვაშია.

ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ფონდმა თელავში ბატონის სასახლის რესტავრაცია 2016 წლის ოქტომბერში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერეკლე მეფის სასახლეზე ჩატარდა კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაო. ერეკლე მეფის სასახლისა  და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.

ბატონის ციხის მთელი კომპლექსი წარმოადგენს  კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალი მუზეუმი და სამეფო სასახლე, ძეგლის თითოეული კომპონენტი, უზრუნველყოფს ვიზიტორთათვის ინფორმაციის მიწოდების სრულ ხელმისაწვდომობას, უქმნის მათ კულტურულ ფასეულობათა სათანადოდ აღქმისა და ახლებურად გააზრების შესაძლებლობას.

მთავრობაში იმედოვნებენ, რომ რეაბილიტირებული მუზეუმი  გაზრდის ბატონის ციხის კომპლექსის ვიზიტორთა ნაკადს და ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას. მომავალი თაობებისათვის ძეგლის შენარჩუნებასთან ერთად, გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ვიზიტორთა მომსახურების მართვაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.