2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 132.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 281.2 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 8.0%-ით ნაკლებია 2021 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.9 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.3 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 296.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (საშუალოდ 241.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 208.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 2.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.3 პროცენტით და 162.9 ლარს უტოლდება.
commersant.ge