ქართული ღვინისთვის "ასურეთული შალა" ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს, 2022 წლის 4 აპრილს ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმართა.
განაცხადით წარმოდგენილი და საქპატენტის მიერ მოძიებული მასალებით გაირკვა, რომ "ასურეთული შალა" ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა. მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში. ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა, დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში.
ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში "ასურეთული შავი", ძველი ასურეთის ნასახ¬ლარზე იპოვა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა "შალა".
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.