BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე Euronews-ზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.
სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს Euronews-ის მაყურებელი აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და CNN, სადაც ასევე იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება.
„ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტრეკლამასა და გარერეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები კომპლექსურია და მისი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და ვიმედოვნებთ, რომ მისი შედეგი რეგიონში ტურისტების ზრდა იქნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზე ევრონიუსმა იმუშავა.
www.travelingeorgia.ge