აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა, თუმცა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას უცხოელი სპეციალისტები 16 ოქტომბრამდე გააგრძელებენ.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას 25 ქვეყნიდან რეგიონში მყოფი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები, ეკოტურისტები, ასევე აჭარის სამთვარობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ.
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით ექსკურსიებში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.
დასკვნით ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. შემოდგომის პერიოდში აჭარას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, რომელთა სანახავადაც ორნითოლოგები, სპეციალისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. საშუალოდ, სეზონზე რეგიონში 2500-მდე ღამისთევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობაც სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებში ხორციელდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 16 აგვისტოს დაწიყო და 16 ოქტომბერს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge