ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარა საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე გერმანიაში
22 მაისი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMEX 2018 წარადგინა. ეს ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენად მიიჩნევა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფრანკფურტის გამოფენაში 5200-მდე საერთაშორისო სასტუმრო, ავიაკომპანია, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული სააგენტო და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანია მონაწილეობს.

„ფრანკფურტის გამოფენაში წელს მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. ეს კარგი პლატფორმაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საკონვენციო ბიუროებთან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან. გერმანიაში აჭარის რეკლამას უკვე მეორე წელია ვახორციელებთ და მონაწილეობა მსგავს გამოფენებში, ახალი საქმიანი ურთიერთობები და სხვა სარეკლამო აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას გერმანიაში.

ამ ეტაპზე, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს დოიჩე ველეს ეთერით, რასაც გერმანიიდან აჭარაში პრეს და ინფოტურებიც დაემატება. შედეგად მივიღებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს. ჩვენი მიზანია, პოტენციური ტურისტებისა და საერთაშორისო ტუროპერატორების ინფორმირება ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ. სატელივიზიო, ინტერნეტ და სხვა ტიპის კამპანიები, შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.