ბელორუს ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში იზრდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბელარუსი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და 7 თვის მონაცემებით, რეგიონში ამ ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა 34%-ით არის გაზრდილი.
დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელარუსიიდან სტუმრობდნენ.
ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს მოამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა.
www.travelingeorgia.ge