აჭარაში განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის სახანძრო და შრომის უსაფრთხოებაზე ტრენინგები იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამ მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს.
დეპარტამენტის ცნობით, ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მმართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფოს პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების სფეროში, მოსალოდნელი ცვლილებები კანონმდებლობასა და რეგულაციებში, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. ტრენინგების მიზანია ასევე დაეხმაროს მონაწილეებს განავითარონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო უნარები და ძირითადი კომპეტენციები, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების განვითარებას.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ტურისტი, ვიზიტორი თუ ადგილობრივი, რომელიც სხვადასხვა სერვისის მომხმარებელია თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ეს იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლებები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასტუმროებში თუ ობიექტებში პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე. პროფესიონალი ტრენერები მონაწილეებთან ერთად დეტალურად გაივლიან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია სასტუმროს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, გააცნობენ მათ საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტებს და კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კანონით დადგენილი კომპეტენციებით ვერ ახორციელებს განთავსების ობიექტების მონიტორინგს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით და საგანმანათლებლო კუთხით გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
ტრენინგები უფასოა და აპრილის ბოლოს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge