ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში გიდების გადამზადება გრძელდება
17 მაისი, 2018

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. 50-მდე დამწყები და მოქმედი გიდის გადამზადება ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 1 მაისიდან დაიწყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტის თქმით, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადება 2017 წლიდან დაიწყო და 100-მდე მოქმედი და დამწყები გიდი ბათუმის, დაცული ტერიტორიების, ქედის, მაჭახელისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გადამზადებულია.

სულხან ღლონტი პროექტს წარმატებულს უწოდებს, რადგან მასში ჩართული გიდების 70% დასაქმდა და ახორციელებდა ტურებს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტის მიმართულებით.

„ტრენინგები არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ  რეგიონში გიდებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც ტურისტებთან ყველაზე მეტ დროს ატარებენ, იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა  და რეგიონის შესახებ,“ - განაცხადა ღლონტმა.

ერთთვიანი ტრენინგ-კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, ასევე  ტურისტულ მარშრუტებზე საველე გასვლებს ითვალისწინებს. ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ და უშუალოდ მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას იქ არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სერვისებსა და მუზეუმებს ეცნობიან.

ბათუმის ტური ქალაქში არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძმების ნომებელების, მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიურ მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხეს მოიცავს. ქედის ღვინის მარშრუტი სოფელ ვაიოს, პირველი მაისის,  დანდალოსა და გეგელიძეების ღვინის მარნებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და აჭარულ ღვინის სახლს ითვალისწინებს. მაჭახელას ტურისტული მარშრუტი კი მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მაჭახელას თოფის გზას მოიცავს. ტრენინგებს ეთნოგრაფები, ისტორიკოსები და პროფესიონალი გიდები ატარებენ. მაისის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური კომისია შეაფასებს. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.