„აეროპორტი ქვეყნის გასაღებია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს“ - გიორგი ვაშაძე
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია, პანდემიის გამო საქართველოს მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას და ხელშეკრულებების ვადების დაახლოებით 2 წლით გახანგრძლივებას სთხოვს. აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა „TAV Georgia“-ს თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ხელისუფლებასა და „TAV Georgia“-ს შორის გაფორმებული ე.წ. BOT ხელშეკრულება დავის საკითხი არა ერთხელ გამხდარა. კითხვის ნიშნები საერთაშორისო კომპანიის საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით წლებია აქვთ როგორც ავიაექსპერტებს ისე პოლიტიკოსებს.
ერთ-ერთ პირველი ვინც ამ საკითხზე საუბრობდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იყო. დღეს პოლიტიკოსი ქუთაისის და თბილისის აეროპორტებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი იყო მაშინ, როცა თბილისის აეროპორტი ტურიზმის ზრდასთან ერთად ნელ-ნელა, უმნიშვნელოდ იზრდებოდა. გიორგი ვაშაძე მედიაჰოლდინგთან იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს რომელიც დღეს თბილისის აეროპორტშია.
„აეროპორტი არის ქვეყნის გასაღები, საიდანაც ადამიანი შემოდის, თბილისის აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს. ინფრასტრუქტურა კატასტროფულია, დაწყებული სველი წერტილებით გაგრძელებული საკვებით არის სრული საშინელება. მეორე პრობლემა არის კატასტროფულად მაღალი ტარიფები, აეროპორტებში მგზავრთა მოსაკრებელი არის ძალიან მაღალი. სამწუხაროდ თბილისის აეროპორტი არის სტამბულის აეროპორტის დანამატი, ჩვენთან არ არსებობს ტრანზიტული მგზავრის გაგება და არ არსებობს პირდაპირი რეისები ბევრ ქალაქთან, რომელიც საქართველოსთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი სისტემა, დღეში 3-4 რეისი არის სტამბულის მიმართულებით, არ ვგულისხმობ კოვიდ პერიოდს, ანუ ფაქტობრივად მგზავრთა ნაკადი მიჰყავს სტამბულში, ანუ თბილისის აეროპორტი სტამბულის აეროპორტის დანამატია და თუ ეს კონცეფცია არ შეიცვალა ჩვენ ტურიზმის და ინვესტიციების ზრდისთვის მზად არ ვართ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „TAV GEORGIA“ - თან დაკავშირებით გადაწყვეტილებაა მისაღები, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებასა და „TAV Georgia“-ს შორის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რის შემდეგაც მოიძებნება უკეთესი ოპერატორი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით მთავარ ამოცანას შეასრულებს და მგზავრთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„TAV GEORGIA“ - თან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ „TAV GEORGIA“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, არ შეიძლება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იყოს. ეს აეროპორტი რომელიც 10-15 წლის წინ ახალი იყო დღეს ჩეჩმას დაემსგავსა. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ ჩამოფრენის ტერმინალი, რომელიც ახლახანს ააშენეს, ელემენტარული საკითხია, რომ სიმაღლეშიც არასწორადაა დაგეგმარებული, მიდგმული შენობასავითაა. სულ დავფრინავ და ასეთი აეროპორტი მე არსად არსად მინახავს. ამიტომ კომპანიას ხელშეკრულება კი არ უნდა გაუგრძელდეს, არამედ შეუჩერდეს. მაგრამ აქ პირდაპირი პრობლემა არის ის, რომ „TAV GEORGIA“ ვიღაცას ფინანსურად აინტერესებს, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას ხელშეკრულება გაუგრძელა, არადა მანამდე მასთან მიმართებაში კრიტიკით გამოირჩეოდნენ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს უბედური ინფრასტრუქტურა, ნაკლები მგზავრი და ძვირი მომსახურება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „TAV GEORGIA“ მთავრობას ინვესტიციებით ევაჭრება. მისი თქმით, კომპანია ითხოვს ხელშეკრულებას გაგრძელებას მაშინ, როცა აეროპორტში ელემენტარული ინფრასტრუქტურა არაა მოწესრიგებული.
„TAV GEORGIA“ ხელისუფლებას ნელ-ნელა ევაჭრება - „ასაფრენ ზოლს გავაკეთებ და სამაგიეროდ ათი წელი დამიმატე“. წარმოიდგინეთ უნდა ეხვეწო, რომ აეროპორტში საპირფარეშო გაარემონტოს ეს წარმოუდგენელია, აეროპორტში საშინელება ხდება. თბილისის აეროპორტში, რომ შედიხარ ერთი სული გაქვს თვითმფრინავამდე მიხვიდე იმდენად აუწყობელია ინფრასტრუქტურა“, - განმარტავს პოლიტიკოსი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კომერსანტს პოლონეთის გამოცდილების შესახებ უყვება, თუ როგორ გახდა ერთი ინდუსტრიული ქალაქი კატოვიცა 37 მილიონიანი ქვეყნის მიზიდულობის ცენტრი.
„პოლონეთში მიზიდულობის ცენტრად ყოველთვის კრაკოვი ითვლებოდა. კატოვიცა იყო ჩვეულებრივი ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც პოსტ ინდუსტრიულ პერიოდში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, ქვანახშირის მოპოვება ხდებოდა და ქალაქი დაიცალა. კატოვიცამ თავისი განვითარების კონცეფცია მთლიანად შეცვალა - მარტივი ბიუროკრატია, ახალი აეროპორტი, დაწეული ტარიფები, ტურიზმზე და ტექნოლოგიებზე გააკეთა აქცენტი და დღეს კატოვიცას აეროპორტში მგზავრთა ნაკადის გაცილებით დიდი რაოდენობაა ვიდრე კრაკოვში. წლების წინ კატოვიცა არც გაგვიგია, მე უბრალოდ დამაინტერესა რატომ დაინიშნა ქუთაისი-კატოვიცას რეისი, ვიზეარს ბაზა აქვს კატოვიცაში გაკეთებული და ქუთაისის მსგავსად გარშემო უამრავ რეისებს აკეთებს. იგივე მაგალითი ჩვენც გვაქვს, ქუთაისი და თბილისი. რომელი უფრო უნდა იყოს განვითარებული, წესით თბილისის ხომ? ქუთაისის აეროპორტი კოვიდამდე გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა ვიდრე თბილისის, რადგან ქუთაისის აეროპორტის მომსახურება ავიაკომპანიებისთვის გაცილებით იაფი იყო და მარტივად შედიოდნენ ამ ბაზარზე, თბილისი ძვირია და გვაქვს ეს გაჭედილი სიტუაცია. ზუსტად ესეთი მაგალითია იყო კატოვიცა და კრაკოვი. კატოვიცას აეროპორტმა მგზავრთა ნაკადი კრაკივიდან წამოიღო, იმიტომ რომ მოქნილი იყო, განვითარდა, ფასებმა დაწია და ა.შ.“, - ამბობს გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ თუ აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება საქართველოში არც ტურიზმი გაიზრდება და არც ინვესტიციები შემოვა. პოლიტიკოსი იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს რომელიც თბილისისა საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანიამ უნდა გადადგას, იმისთვის, რომ ქვეყანა საჰაერო ჰაბი გახდეს.
„თბილისის აეროპორტი ან ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ან ახალი მმართველი შეირჩეს. ახალი კომპანის ექნებოდა შემდეგი ვალდებულება: მგზავრთა ნაკადი უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით გათვლა ტრანზიტულ მგზავრებზე უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ავიარეისების დატვირთვამ მოიმატოს.
მე მარტივ ამოცანას დავუსვამდი, სამსაათიან საფრენ რადიუსში ყველა მილიონიან ქალაქთან დღეში 3-4 რეისი, 500 000 -იან ქალაქთან დღეში ორი რეისი, ევროპის ყველა დედაქალაქთან გვჭირდება პირდაპირი რეისი, შესაბამისად ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას , პროცედურებიც, ბიუროკრატიაც, ტარიფებიც ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ. რათა საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გავზარდოთ, ეკონომიკაში დიდი შემოსავალი მივიღოთ და ბევრი სამუშაო ადგილი შევქმნათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
commersant.ge