ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აფხაზები რუსებს წართმეულ ქონებას არ უბრუნებენ
03 ნოემბერი, 2020

რუსული გამოცემა Комсомольская правда-ს კორესპოდენტი ვლადიმირ ვორსობინი აფხაზეთში რუსებისთვის წართმეული ბინების საკითხზე წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს.

„კომერსანტი“ გთავაზობთ Комсомольская правда-ს  სტატიას უცვლელად, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

31 ოქტომბერს  ვლადიმირ ვორსობინმა ამ თემაზე მორიგი სტატია გამოაქვეყნა:

„ეს ისტორია  ჩემთვის 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც აფხაზები რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობდნენ.

მოსკოვმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დანიშნა და ყოველწლიურად მას 5-7 მლრდ. რუბლს ჩუქნიდა. პატარა და ომით გაპარტახებული რესპუბლიკისთვის ეს გადარჩენის ტოლფასი იყო – ერთ სულ მოსახლეზე ფინანსურმა დახმარებამ წელიწადში 30 000 რუბლი შეადგინა. ეს ის თანხაა, თუ პენსიებს და საბიუჯეტო სფეროს ხელფასებს არ ჩავთვლით, რომლებსაც აფხაზებს ნომინალურად უცხო სახელმწიფო უხდის.

ისე კი, ფულს რატომ ითვლით, ეს ხომ ზედმეტია ძმებს შორის? ცოტაც და რუსეთთან ერთად ბედნიერი თანაცხოვრების აფხაზური  ოცნება აღსრულდება .

მაშინ, შუა ზეიმის დროს სოხუმელმა ადვოკატმა თამაზ ქეცბამ  მომიყვა ისტორია ბებიების და ბაბუების შესახებ, რომლებიც მათი კუთვნილი ბინების დაბრუნებისთვის იბრძვიან.

„მათ ბინებს უკანონოდ იკავებენ, ახალ საკეტებს აყენებენ, მფლობელებს კი აძევებენ. აშინებენ, და აფხაზეთიდან წასვლას აიძულებენ“  – მითხრა მან.

მე ვიკითხე – „ალბათ ქართველი მოხუცები?“ რაზეც გამაოგნებელი პასუხი მივიღე – „არა, რუსები. დაბალი ღობეები ნახეს და ჩაგრავენ, აქ დარჩენილი რუსები უპატრონოები არიან, მათ დამცველი არ ჰყავთ და ამიტომაც ასე ექცევიან“.

თამაზის სიტყვებმა გამაოგნა – რას ნიშნავს – დამცველი არ ჰყავთ? აბა რუსეთი? ძლევამოსილი იმპერია, რომელიც თავის ინტერესებს მთელს მსოფლიოში იცავს და აფხაზეთს თავიდან ბოლომდე არჩენს?.

სოხუმში რუსეთის საელჩოში დამიდასტურეს – ასეთი ისტორიები ათასობითაა, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ამ თემაზე აფხაზეთის მთავრობასაც კი მიმართა.

„რუსული მხარე გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა საკუთარი ეთნოსის შენარჩუნებისთვის ქონებრივი საკითხების მარეგულირებელი რამდენიმე კანონი მიიღო, თუმცა, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ამ ზომებისგან რესპუბლიკაში მცხოვრები რუსების ზარალდებიან“ – ნათქვამი იყო განცხადებაში.

თუმცა, სოხუმმა მოსკოვის გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია და ამით თავისი მთავარი მიზანი დაადასტურა – რესპუბლიკაში „უცხოები“ არ შეუშვას მაშინაც კი, როდესაც ეს ადგილობრივი რუსები არიან.

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა – გაზეთში გამოქვეყნდა სტატია ამ საკითხზე, რის შემდეგაც რედაქციას ასობით დაჩაგრულმა რუსმა მოხუცმა მიმართა.

მათი ისტორიები თითქმის ერთნაირი იყო – ძირითადად, ისინი სტუმრად რუსეთში მცხოვრებ შვილებთან ჩადიან, შემდეგ ბრუნდებიან და მათი ბინები დაკავებული ხვდებათ.

„სოხუმში დაბრუნებულს ახალი კარი დამხვდა. გამიკვირდა, ვიფიქრე, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი ხარჯით კარი შემიცვალა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს ბინაში აფხაზი ოჯახი შესახლდა. სახლში ვერ ვუბრუნდები, სასამართლოს მივმართე, მაგრამ ყველა აფხაზს ნათესავი ან ახლობელი სასამართლოში ჰყავს, ჩვენ კი უპატრონოები ვართ“ – ჰყვება 65 წლის ქალი.

ეს ტიპიური ისტორიაა, და ასეთი  – ათასობითაა.

ამ ამაზრზენი ამბების გასაჯაროების შემდეგ საოცრება მოხდა – რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სოხუმში ვიზიტის დროს აფხაზებს ამ საკითხის დარეგულირება სთხოვა. ვიფიქრე  – საწყალ მოხუცებს ახლა მაინც ეშველებაო.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ათასობით დაზარალებულიდან მხოლოდ ერთეულებს, თვალის ასახვევად, ეშველა. სპეციალურად შექმნილი კომისია საკითხის გაჭიანურებას ყველანაირად ცდილობს – ხან საბუთები იკარგება, ხან  საჩივრის შეტანას ხელმეორედ, წერილობით ფორმით შეტანას სთხოვენ, და მერე მიმართვებზე თვეობით არ რეაგირებენ.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა. დღეს 2020 წლის ოქტომბერია. დაზარალებული რუსი მოხუცები კვლავ უსახლკაროები არიან. ზოგი შვილებთან რუსეთში ცხოვრობს და ყველაფრის დავიწყებას ცდილობს – ვისაც გაუმართლა.

ზოგი ნათესავების კისერზეა, ზოგი საკუთარი ფულით ბინებს ქირაობს, ზოგი რუსეთში, მთავრობის  მიერ გამოყოფილი სოროებში, საერთო საცხოვრებლებში განთავსდა. მათ ყველაფერი დაკარგეს, და პირველ რიგში, იმედი.

მათ ბოდიშსაც კი არავინ უხდის.  უბრალოდ, გადააგდეს, როგორც უსარგებლო და მოძველებული ნივთი. მოსკოვი კი ამ დროს აფხაზეთს კვლავ მილიარდების ჩუქნის, იმის მიუხედავად, რომ დღეს უკვე სხვა დროა და რუსეთი ისეთი მდიდარი არაა, როგორიც 2008 წელს იყო.

რამდენიმე დღის წინ პრობლემის არსებობა თვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა.

„რუსეთის მოქალაქეების  – ეთნიკური რუსების და ქართველების – საკუთრების საკითხი – ჩვენი მუდმივი ყურადღების ობიექტია. იმედია, აფხაზეთში ცვლილებები დასრულდა, და ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით. თუმცა, გვიკვირს, რომ ეს პრობლემა ჯერაც არ არის გადაწყვეტილი“ – თქვა ლავროვმა.

რაო-რაო? გიკვირთ? და მეტი არაფერი? სულ ესაა, რისი თქმაც ძლევამოსილი იმპერიის თვით საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლია?

ბატონო მინისტრო! თქვენს განცხადებას აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მეორე დღესვე უპასუხა – თურმე ქონებრივ დავებს ეროვნული ხასიათი არა აქვს, და ისინი ჩვეულებრივი, სამართლებრივი წესებით უნდა გადაწყდეს.

ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს – გაიგეთ თქვენ იქ, მოსკოვში – ჩვენ რუსი მოხუცების პრობლემას არ ვაღიარებთ, და ის ჩვენთვის არ არსებობს.

თუ ეს მართლაც ასეა, და პრობლემა არ არსებობს – იქნებ ფულის დათვლის დროც მოვიდა? რამდენ მილიონს ჩუქნის მოსკოვი აფხაზეთს ყოველწლიურად? იქნებ მოვიდა აფხაზეთში რუსული ეროვნული ინტერესების უფრო ენერგიულად დაცვის და აფხაზი მაღალჩინოსნების ჭკუაზე მოყვანის დრო?

იქნებ ღირს ბოლოს და ბოლოს მათთან კაცური დალაპარაკება?“- წერს ჟურნალისტი.

Комсомольская правда

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

Commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.