აფხაზეთის დაკარგვიდან 24 წელი სრულდება. დღეს აფხაზეთის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს. იმ მცირე წინსვლას, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკამ განიცადა, სოხუმი რუსეთიდან მიღებულ თანხებს უნდა უმადლოდეს.
2005-2013 წლებში “დახმარებამ” 17 მილიარდ რუბლს გადააჭარბა (იმდროინდელი კურსით 500 მილიონი დოლარი). ეს ნაკადები განსაკუთრებით 2010-2013 წლებში შეინიშნებოდა და 11.9 მილიარდი რუბლი (340 მლნ დოლარი) შეადგინა.
ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიუხედავად აფხაზური ეკონომიკის მცირე მასშტაბებისა და იმისა, რომ მის ნამდვილ აღორძინებას რუსეთის ეკონომიკა წესით და რიგით მარტივად უნდა გამკლავებოდა – მაღალმა კორუფციულმა მაჩვენებლებმა, კლანურმა გადანაწილებებმა და მართვაში გამოუცდელობამ, სულ სხვა რეალობა განაპირობა.
აფხაზეთის დაკარგვით მიღებულ სოციალურ, მორალურ და პოლიტიკურ შედეგებზე არავინ დაობს. იმასთან დაკავშირებით კი, რა ეკონომიკური პოტენციალი დაკარგა საქართველომ აფხაზეთის სახით, განსხვავებული მოსაზრებები ისმის. ამ კითხვებზე ჩვენ ეკონომისტების პოზიციები მოვისმინეთ.
ტურიზმი, როგორც საქართველოს ეკონომიკის და დარგის ხერხემალი
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ეფექტის მომტანი იქნებოდა. მისი თქმით, აფხაზეთის სანაპირო ერთ–ერთი საუკეთესო საკურორტო ზონაა შავი ზღვისპირეთში თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ, გაგრა – ბიჭვინთის ზონა ეს არის ოპტიმალური საკურორტო ზონა, შესაბამისი, თანამედროვე საკურორტო განვითარების პირობებში. ხუხაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით აფხაზეთი იქნებოდა ხერხემალი ქვეყნის ამ დარგის განვითარებაში.
ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდ დაკარგულ ბენეფიტებზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძეც. მისი თქმით, აფხაზეთის მხარე არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში. ის საერთო ქართული კულტურის ორგანული ნაწილია როგორც ქართველისთვის, ისე აფხაზებისთვის. რაც შეეხება ეკონომიკას, გიორხელიძის შეფასებით, აფხაზეთი ძალიან მძლავრი რეგიონია, ტურიზმის თვალსაზრისით. უნიკალური ბუნებრივი კლიმატის გამო იქ მუდმივად იქნება ტურისტების ნაკადი.
გარდა ამისა, აფხაზეთი არის საკომუნიკაციო ღერძი რუსეთთან. „წმინდა ლოჯისტიკური თვალსაზრისით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან უფრო მოსახერხებელი საკომუნიკაციო რეგიონი ძნელი მოსაძებნია საქართველოსთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს სხვა მოცულობით ბაზრებზე გასვლას არ უნდა ვცდილობდეთ, პირიქით. თუმცა, ეს არის რეალობა, რომელი რესურსით ვერ არის გამოყენებული“–აცხადებს გიორხელიძე.
სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობები
გია ხუხაშვილის განმარტებით, რუსეთთან შემაერთებელი სარკინიგზო არტერია აფხაზეთზე გადის და ბუნებრივია, ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.
„მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენს შორის, რუსეთი ჩვენი ერთ–ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, აფხაზეთი მდიდარია ციტრუსებით და ამ რესურსის გამოყენება ძალიან აქტიურად არის შესაძლებელი“–აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე მტკიცებით, აფხაზეთში ძალიან პოპულარობით და წარმატებით იმუშავებს გარკვეული თავისუფალი ზონები. „ აფხაზეთის პოტენციალი რა თქმა უნდა ძალიან დიდია. აფხაზეთს ტყუილად არ ეძახიან ქართული სახელმწიფოს მარგალიტს. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ და სოციალურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, წმინდა ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. იქნებოდა თუ არა საქართველოსთვის დიდი შემოსავლის მომტანი? მე ვთვლი, რომ შემოსავალი არ ითვლება მხოლოდ ფულით, ის ითვლება სტრატეგიული გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, საქართველოს ეს ძალიან ბევრ რამეს მისცემდა“–აცხადებს ხუხაშვილი.
კავკასიის რეგიონში სოხუმი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც „პეპსის“ წარმოება ხდებოდა
ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარდა საომარი მოქმედებები. მანამდე კი მხარეს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტები გააჩნდა. იგივე, სანატორიუმები, ფაბრიკები, ქარხნები, სხვადასხვა ტიპის ლიმონათის წარმოებები, „პეპსის“ წარმოება მაშინ, კავკასიაში მხოლოდ სოხუმში იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო საჰაერო მიმოსვლის მიმართულება.
„სოხუმის აეროპორტი, გუდაუთის სამხედრო აეროპორტი, ახალი ათონი, მღვიმე, მდინარეები, ბუნებრივი რესურსები. ანუ ბუნებრივი მოცემულობებით ძალიან მდიდარია აფხაზეთი. მთლიან შიდა პროდუქტზე რა ზეგავლენას მოახდენს, ამას მე ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან ციფრები არ მაქვს, მაგრამ რეალობაა, რომ ეს ხელში გვიკავია. პირველ რიგში ეკონომიკას სჭირდება სიჯანსაღე. ეს კი მოაქვს გარკვეულ განწყობას. მაგალითად, ხილისა და ციტრუსის მიმართულებით სეზონების მიხედვით ადმინისტრაციულ საზღვრებზე მუდმივად იქმნება ხოლმე პრობლემები, ადამიანები ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, პროდუქტების გადატანას და ასე შემდეგ. აქ აქტიური მოძრაობებია ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, ეს იქნება უზარმაზარი დადებითი მესიჯი ნებისმიერი მოქალაქისთვის და არამხოლოდ აფხაზისთვის, ანუ ყველასთვის, ვისაც სურს აფხაზეთის რესურსით გარკვეული ეკონომიკური აქტივობა აწარმოოს. დადებით ეფექტს იწვევს განწყობა, ადამიანები. კონტაქტები არსებობს, მოთხოვნა ურთიერთშორის არის.შესაბამისად, ეს გაწყობა დადებითია. დადებითი ზეგავლენის შემთხვევაში კი იქმნება დოვლათი და ეკონომიკური აქტივობა, რაც ზოგადად არსებობს ამ მოცემულობაში“–აცხადებს ჩარგეიშვილი.
მისივე განმარტებით, არსებობს რკინიგზა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო შეჩერებულია, მიმოსვლა არ არის. ჩარგეიშვილის განცხადებით, ოქუმის (ოჩამჩირე) მისადგომებამდე რკინიგზა მთლიანია, სარეაბილიტაციო რჩება ინგირის ტერიტორიიდან ოქუმამდე მონაკვეთი. შესაბამისად, ეს არის შესაკეთებელი, რაც ასევე რესურსია.
აფხაზეთი –მიმზიდველი საინვესტიციო მხარე
ეკონომიკის ექსპერტის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, აფხაზეთს უფრო მეტი ტურისტული პოტენციალი აქვს, ვიდრე სხვა ქართულ კურორტებს ერთად აღებულს. თუმცა ბოლო წლებში იქ არაფერი არ გაკეთებულა. „იქ არის უზარმაზარი პოტენციალი იმისთვის, რომ ინვესტიციები ჩაიდოს. ბათუმი მთლიანად ათვისებულია, იქ კი ყველაფერი თავიდან არის ასაშენებელი, ასე რომ აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება ძალიან სწრაფ და დიდ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს“–აცხადებს ნამჩავაძე.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებით, ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან ითვლება უკანონოდ (უსაფრთხოების მიზნით), ყველა სავაჭრო პროდუქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან გადადის აფხაზეთში – ითვლება კონტრაბანდად.
თავის მხრივ, არც საქართველოს აქვს გარკვეული ასეთი ტიპის ურთიერთობის ცალსახად განმსაზღვრელი კანონიერი ჩარჩოები: ერთის მხრივ, საქონლის გადაადგილება დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში, ითვლება შიდა საქონელბრუნვად, ხოლო, მეორე მხრივ, 2008 წელს მიღებული “კანონი ოკუპირებული რეგიონების შესახებ”, ყველა სახის ეკონომიკურ ურთიერთობას, მათ შორის, სავაჭროს აფხაზეთის ტერიტორიაზე – მიიჩნევს უკანონოდ. (თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისებიც).