მოსკოვში მორიგი სამუშაო ვიზიტის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი ამ წელს 1,5 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, ეს კი - ბოლო 30 წლის რეკორდია. ის დეტალურად საუბრობდა სამომავლო გეგმებზეც - მისი თქმით, უახლოესი 10 წლის მანძილზე ტურისტების რაოდენობის 4-5-ჯერ გაზრდა სავსებით რეალური პერსპექტივაა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდება.
ამ მიმართულების მთავარი პრიორიტეტია სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენა, სავარაუდოდ, უკვე 2024 წლიდან.
თუმცა, არის გარკვეული დეტალები, რომლებიც გასათვალისწინებელია როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე საუბრისას. პირველი - რა თქმა უნდა, 1,5 მლნ. ტურისტი - ძალიან ზოგადი ციფრია, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება.
მაგალითად იმას, რომ ტურისტების დაახლოებით 50% აფხაზეთში რამდენიმე საათით შემოდის და ღამეს არ ათენებს - ძირითადად ესაა ერთდღიანი ვიზიტების სოჭიდან და მათგან აფხაზეთს განსაკუთრებული მოგება არა აქვს.
გარდა ამისა, აფხაზურ ტურისტულ ინდუსტრიას პანდემიაც დაეხმარა - ბევრი სხვა ქვეყანა ჩაკეტილი იყო, ამიტომაც რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა იქ ჩავიდა, სადაც საზღვრები გახსნილია. სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე მსოფლიო საბოლოოდ გაიხსნება და შესაბამისად, ოკუპირებული რეგიონი ამ უპირატესობას დაკარგავს.
ტურიზმის ე.წ. მინისტრის თეიმურაზ ხაშბას თქმით, ტურისტული ნაკადის ასეთი ზრდა სრულიად რეალისტური ამოცანაა, თუ მოხერხდა აღმოსავლეთ რეგიონის მთის კურორტების პოტენციალის ათვისება.
„აღმოსავლეთ აფხაზეთში დღეს საერთოდ არავითარი ტურისტული აქტიურობა არაა, ძირითადად დამსვენებლები საზღვაო კურორტებზე ჩამოდიან. ამ კუთხით, რა თქმა უნდა ტურისტული პოტენციალი შეზღუდულია, რადგანაც საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში სეზონზე 3-დან 4 მლნ-მდე ტურისტი ჩამოდიოდა, მაგრამ ეს ხომ საბჭოთა პერიოდი იყო, დღეს, ღია საზღვრების და მაღალი კონკურენციის პირობებში ამდენი დამსვენებლის მოზიდვა შეუძლებელია. მაგრამ არის სხვა ტიპის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა - სამთო, ბალნეოლოგიური, ეკოლოგიური, და ა.შ. ამ სეგმენტში კი ზრდა სრულიად შესაძლებელია“, - მიიჩნევს ე.წ. მინისტრი.
რეალურად მიიჩნევს ტურისტების რაოდენობის 4-5 მლნ-მდე გაზრდას ჟურნალ „აბხაზსკი ბერეგ“-ის რედაქტორი, მცირე სასტუმროს მფლობელი ნატალია მილოვანოვა. მისი თქმით, ამის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე აუცილებელი პირობა.
„პირველ რიგში სასტუმროების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. საბჭოთა პერიოდში 3-4 მლნ. ტურისტი იმიტომ ჩამოდიოდა, რომ დაკეტილი საზღვრების გამო არჩევანი არ იყო - სადაც შეიძლებოდა, იქ ისვენებდნენ, მინიმალურ კომფორტზე თანხმდებოდნენ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. დღეს კი საზღვრები გახსნილია და ტურისტებს ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა შეუძლიათ, ამიტომაც კომფორტს და კარგ მომსახურებას ითხოვენ. ამიტომაც უნდა იყოს მეტი თანამედროვე სასტუმრო, რაც დღეს ძალიან გვაკლია“, - ამბობს ის.
გარდა ამისა, მისი აზრით, უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურა ყველა სეზონისთვის, რაც დღეს არ არსებობს.
„მთის კურორტის აშენება ნაკლებად რეალურია, იმიტომ რომ დაგვიანებულია - ხვალ ნულიდან რომ აშენდეს ასეთი კურორტი, იქ დასვენება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე მთვარეზე გამგზავრება. მაგრამ ბევრი ალტერნატივა არსებობს - ეკოტურიზმი, მაგალითად, რომელსაც აფხაზეთის ბუნებიდან გამომდინარე უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუმცა, ის საერთოდ არ გამოიყენება“, - მიიჩნევს მილოვანოვა.
ekhokavkaza.com
commersant.ge