ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის ნაკრძალისა და საზღვაო აკვატორიის 49 წლით გადასაცემად ემზადება
19 ივლისი, 2022

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიმდინარე კვირის სესიაზე ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკი და მიმდებარე საზღვაო აკვატორია რუსეთს საკუთრებაში 49 წლით უნდა გადასცეს.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და ყურადღებას „ეთნოსისა და სახელმწიფოს“ დაცვაზე ამახვირელბს, რის „სამხედრო-პოლიტიკურ ქოლგასაც“, შამბას შეფასებით, რუსეთი წარმოადგენს.

„აფსნიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში შამბა წერს, რომ ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადეცეს, რომელიც „მზარდი გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რისკების“ ფონზე აფხაზეთისთვის უსაფრთხოების გარანტია.

„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემა, რომლის სამზადისიც მიმდინარეობს, არა მხოლოდ ჩვენი მოკავშირის, მეზობლის მიმართ დიდი მადლიერების გამოხატვის ფორმაა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური კავშირის განმტკიცებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, - წერს შამბა.

მისი შეფასებით, „2020 წლის ყარაბაღის ომის გამოცდილება აჩვენებს, რომ რეგიონში კვლავ დღის წესრიგში დგას „გაყინული“ სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების „გალღვობის“ პროცესი, რაც 2008 წლის შემდეგ შეუძლებელი ჩანდა“.

„ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფოს და ეთნიკური ჯგუფის შენარჩუნების ყველაზე მწვავე საკითხის წინაშე ვდგავართ. ყველაფერი დანარჩენი, ამ ამოცანასთან შედარებით, მეორეხარისხოვანია“, - წერს შამბა.

სკანდალი აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც მოსკოვთან 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ცნობილ ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალიწინებს. ეს არის ნაკრძალი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც 184 ჰექტარ რელიქტური ფიჭვნარის პარკს მოიცავს. აღსანიშანვია, რომ 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმების შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებამ მხოლოდ 11 ივლისს შეიტყო, რადგან დოკუმენტი დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად გასაჯაროვდა.

გამოცემა, JAM News ადგილბრივ ექსპერტებზე დაყრდნობით საზოგადოების მთავარ პრეტენზიებს ასაჯაროვებს: 184 ჰექტარი რელიქტური პარკის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება მთავრობამ კი არა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ამასთან, ეს ზღვისპირა ტერიტორიაა, ხოლო აკვატორიის იჯარით გადაცემაც კი დე ფაქტო აფხაზეთის კონსტიტუციით შეუძლებელია... და მესამე: ხელშეკრულება არანაირად ავალდებულებს რუსეთს, რომ ობიექტი მესამე პირს არ გადასცეს.

საპასუხოდ სერგეი შამბა წერს, რომ „პოლემიკა მისთვის გასაკვირია“. რადგან ბიჭვინთის აგარაკი რუსულ მხარეს იჯარით „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის დაცვის მთავარ სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით გადაეცა, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წლის 14 სექტემბრს გაფორმდა“.

„რუსეთს აქვს ქონება ჩვენს ქვეყანაში ფედერაციის საელჩოსა და მოსკოვის სახლის სახით სოხუმში. ამ საკუთრებაში არსებულ მიწებსაც რუსული მხარე საიჯარო ურთიერთობის საფუძველზე იყენებს“, - წერს შამბა.

უსაფრთხოების მხრივ შამბა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას შემდეგნაირად ხსნის: „ნაკლებად სავარაუდოა, არსებობდნენ ისეთი გიჟები, რომლებიც მზად იქნებიან, ჰაერში საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინონ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთის ფედერაციის რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი შესაძლოა, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე ისვენებდეს“.

„ეს არამარტო აფხაზეთის, არამედ რუსეთის წინააღმდეგაც აგრესიის აქტად ჩაითვლება“, - წერს შამბა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი საბჭოთა ლიდერების საზაფხულო რეზიდენცია იყო, სადაც ისტორიული მოვლენებიც ხდებოდა. საერთო ჯამში, აფხაზეთში საბჭოთა ლიდერების ხუთი სახელმწიფო აგარაკია, მათ შორის არის სტალინის აგარაკიც.

საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათეული ასეთი ობიექტი იყო. ყველა მათგანი სტალინის პერიოდში, 1931 წლიდან 1949 წლამდე აშენდა. მათ, თითქმის, ერთნაირი განლაგება და უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა ჰქონდა, ინტერიერი კი ხის იშვიათი ჯიშების მასალით არის მორთული.

bpn.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.