ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 50%–ით შემცირდა
08 აგვისტო, 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც რუსული მედია წერს,  სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსი ტურისტების დაახლოებით 50% -მა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დასასვენებლად ჩასვლაზე უარი განაცხადა.

„პრიმორსკოეში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქების გამო ტურისტული საგზურების გაუქმების მძლავრი ტალღა აღინიშნება“, - ამის შესახებ ე.წ. ”აფხაზეთის ტურისტული კავშირის” პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ განაცხადა.

მისივე თქმით, „აფეთქების შემდეგ გვირეკავდნენ, გვეკითხებოდნენ „რა ხდებაო?“. ადამიანები,  ვინც უკვე თითქმის ბარგს ალაგებდა და ჩამოდიოდა აფხაზეთში,  ამის შემდეგ უარს ამბობდენენ და აუქმებდნენ ჯავშნებს. რა თქმა უნდა, ეს არის ტურისტების მხრიდან ჩამოსვლაზე უარის თქმის ტალღა, თანაც საკმაოდ მძლავრი“ - განცხადა კალიაგინამ.

ანა კალიაგინას განცხადებით, ძირითადად უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულან, ვინც  უკვე ჩამოვიდა, როგორც წესი, ისვენებს ბოლომდე.

ოკუპირებული გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მდებარე სამხედრო საწყობზე აფეთქება 2 აგვისტოს მოხდა. აფეთქებას რუსეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტებად იყვნენ ჩასული. საავადმყოფოებში კი 64 დაშავებული გადაიყვანეს.

მანამდე კი ტურისტების ერთმა ნაწილმა ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც 11 ივლისს ოკუპირებულ გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტი ანდრეი კაბანოვი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი გაიტაცეს.

„ივლისში, გახმაურებული მკვლელობის შემდეგ - ორი კვირა იყო 50%-იანი ვარდნა. ახლაც, ამ აფეთქების შემდეგ - ისევ იგივე, 50%-იანი ვარდნა გვაქვს. მე შევწყვიტე ჩემი სააგენტოს რეკლამა, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არა აქვს“ - განაცხადა კალიაგინამ.

ამასთან, რუსული ტურისტული სააგენტოების  ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადი აფხაზეთში  50%-ით შემცირდა და ამის ხარჯზე გაიზარდა გაყიდვები სოჭში - განაცხადა ტურისტული კომპანია Tui -ს დირექტორმა ტატრას დემურამ.

„ჩვენ მკვეთრად შევამცირეთ გაყიდვები აფხაზეთში, თუმცა, გაგვეზარდა მოთხოვნა სოჭის მიმართულებაზე, რაც ნაწილობრივ ახდენს დანაკარგების კომპენსირებას“, – განაცხადა ტატრას დემურამ.

ექსპერტების აზრით, მოთხოვნა აფხაზეთზე შესაძლებელია აღდგეს 2-3 თვის შემდეგ, ესეც  იმ შემთხვევაში, თუ კიდევ რამე არ მოხდება. თუმცა, გასათვალისწინებელია  ისიც, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონო გამოირჩევა მკეთრად გამოხატული სეზონურობით და საშუალოდ, ის  სრულდება შუა სექტემბერში.

ria.ru


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.