აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები – ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის – „ოკუპირებულ აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.
კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში – 307 000.
ასევე დიდი მოთხოვნაა ისეთ მიმართულებებზე როგორცაა იტალია, ვიეტნამი, ესპანეთი და საფრანგეთი.
ანუ, გამოდის, რომ პატარა რესპუბლიკამ, სადაც ცხოვრობს 250 000-მდე ადამიანი, გაუსწრო ისეთ ტურისტულ გიგანტებს, როგორც თურქეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებს პოპულარული მიმართულებების სიაში.
თუმცა, კარგად რომ დავუკვირდეთ, სურათი გამოდის გაცილებით პროზაული და ნაკლებად პათოსური.
ჯერ ერთი, ამ ეტაპზე საუბარია 2019 წლის პირველ კვარტალზე, ანუ პერიოდზე, რომელიც ძალიან შორსაა ტურისტული სეზონის პიკისგან.
მეორე – და მთავარი – ამ ჩამონათვალში, ტაილანდის გარდა, თითქმის არც ერთი მიმართულება არაა საკუთრივ ტურისტული – არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ფინეთში, ყაზახეთში და ჩინეთში „რუს ტურისტებად“ შეფასებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩადის იქ საქმიანი ვიზიტებით. ფორმალურად ეს ერთი და იგივეა, თუმცა, ფაქტობრივად, საქმიანი ვიზიტები და ტურიზმი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან.
რაც შეეხება აფხაზეთს, აქ სიტუაცია სულ სხვაგვარადაა.
საერთოდ, ცნობილია, რომ სტატისტიკურად დათვლილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობა არ არის მთლად ზუსტი და ეს დაკავშირებულია დათვლის მეთოდოლოგიასთან.
მსოფლიოში ტურისტებს ითვლიან მთავარი კრიტერიუმით და ტურისტი ვიზიტორისგან განსხვავდება იმით, რომ ქვეყანაში 24 საათზე მეტს ატარებს.
ასეთი დათვლის შემთხვევაში, სტატისტიკა იქნებოდა სულ სხვანაირი და ის ასობით ათასი რუსი ტურისტი, რომლითაც იწონებს თავს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უკვალოდ გაქრება.
საქმე იმაშია, რომ სოხუმი ტურისტად თვლის ნებისმიერ უცხოელს, რომელმაც საზღვარი თუნდაც 5 წუთით გადაკვეთა.
აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში ჩამოსული „ტურისტების“ დიდი ნაწილი რეალურად ისვენებს სოჭში და აფხაზეთს რამდენიმე საათით აკითხავს, ძირითადად, რიწის ტბის და ახალი ათონის მღვიმეების სანახავად.
როგორც წესი ასეთი ვიზიტები გრძელდება მხოლოდ რამდენიმე საათი და წესით, ისინი არ უნდა ჩაითვალოს ტურიზმად. თუმცა, რეალობაში, სწორედ ეს ერთდღიანი ვიზიტორები წარმოადგენენ ოპტიმისტური სტატისტიკის დიდ ნაწილს.
ბოლო 2 წელს ამ ტენდენციას დაემატა კიდევ ერთი, დელიკატური მხარე -ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვრის აფხაზურ ნაწილში ამოქმედდა 3 duty-free-მაღაზია, სადაც ძალიან იაფად იყიდება ალკოჰოლური სასმელები.
სწორედ ამის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის შემთხვევების რაოდენობა და დიდი ნაწილი მოდის სწორედ ე.წ. ალკოტურისტებზე. მათი სტუმრობა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში გრძელდება საშუალოდ 30-40 წუთი, შემდეგ ისინი ბრუნდებიან სოჭში, ხოლო აფხაზურ მხარეს რჩება ნავაჭრი თანხა და მშვენიერი სტატისტიკა.
სწორედ ამითაა გამოწვეული რუსი ტურისტების რეკორდული რაოდენობა არატურისტულ სეზონში – იანვარში, თებერვალში, მარტში – 803 000. მაშინ, როდესაც მთელი 2018 წლის მანძილზე, ტურისტული სეზონის პიკის ჩათვლით, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში რუსი ტურისტების რაოდენობა – მათ შორის ერთდღიანების – შეადგენდა დაახლოებით 1 მლნ.-ს.
ამ ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა ელოდება ტურისტების მოზღვავებას – როგორც წესი, სეზონი აღწევს მაქსიმალურ მაჩვენებლებს ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე.
რუსული და ე.წ. აფხაზური მხარეები უკვე ემზადებიან მოგების გაყოფისთვის – აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება კრძალავს უცხოელებისთვის გიდებად მუშაობას სპეციალური ადგილობრივი ლიცენზიის მიღების გარეშე, ხოლო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა სოჭიდან აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში სამგზავრო გადაზიდვების სუბსიდირება.
Ekhokavkaza.com