გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სანამ ყველაფერს არ შეისწავლიან პარაპლანით ფრენები აიკრძალება. მისივე თქმით, პარაპლანით ფრენაზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ან სულ უნდა აიკრძალოს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ხდება ამ მიმართულებით, მიმდინარეობს თუ არა მთავრობასთან პარაგლაიდინგის აღდგენის მიმართულებით მოლაპარაკებები და დეტალებისთვის პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარეს ირაკლი კაპანაძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს, საუბარია კომისიის შექმნაზეც და როდესაც სექტორი და მთავრობა გარკვეულ შეთანხმებამდე მივა, შემდეგ იქნება გარკვეული გადაწყვეტილება.
„შეხვედრები გვაქვს და რაღაცეებზე ვმუშაობთ, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამის თქვა მარტივი არ არის, ინსტრუმენტიც კი, რომელიც ამის მარეგულირებლად შეიძლება იყოს მოაზრებული, ჯერჯერობით შექმნილი და ჩამოყალიბებულიც არ არის. ეს სახელმწიფოს მხრიდან უფლება მოსილების წესის შემუშავებას და ადამიანების დაკომპლექტებას გულისხმობს, მიუხედავად ყველაფრისა ამ შემთხვევაშიც ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. ეს ძალიან უნდა მოინდომო და თან ისე უნდა გაკეთდეს, რომ დასაცინი არ გახდე. ამიტომ ამ საკითხზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ ეს რაღაც კომისიების მუშაობის წესი იქნება, ახლა საუბარია იმაზე თუ რა პრინციპით უნდა ხდებოდეს ამ კომისიების დაკომპლექტება და არჩევა, ვინ უნდა უზრუნველყოს მათი მუშაობა და ასე შემდეგ. უნდა მოხდეს მათი სამუშაო პროცესის დაწერა და რაღაცეების ჩამოყალიბება. როდესაც ამ კუთხით საერთო აზრი გვექნება და წინააღმდეგობებს ვერ დავინახავთ, შესაბამისად რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, ფედერაცია ელოდება, რომ ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოს მეტნაკლებად დალაგდება და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ ორი კვირა დასჭირდება.
„ასეთი აზრი მაქვს, რომ მთავრობას და ხელისუფლებას სურს სექტორის რაღაცნაირად დარეგულირება, თუმცა რას გავაკეთებთ და როგორ მოვიქცევით ამაზე საფიქრია, რადგან ხომ შეიძლება, რომ რაღაც გავაკეთოთ და მერე დავინახოთ, რომ ეს რაღაც ძალიან ცუდად მუშაობს“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია პილოტებს ამზადებდა და მათთან შეხვედრები ახლაც აქვთ, ცდილობენ, რომ საქართველოში პარაგლაიდინგი საერთაშორისო გამოცდილებასთან შეხამებული იყოს, თუმცა მისი პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია.
„სამწუხაროდ საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების პირდაპირ გადმოტანა - გადატანა არ ხერხდება, შეიძლება ეს კარგიც არის, რადგან რაღაც მოდელის საქართველოს რეალობაზე მორგება უამრავ პრობლემას იწვევს. მაგალითად არსებობს ტექდათვალიერების გერმანული მოდელი, ხომ არ შეიძლება, რომ იგივე სტანდარტი ავტომატურად გადმოიტანო საქართველოში, პრაქტიკულად ვერც ერთი მანქანა, ახალიც კი ამ ტექდათვალიერების პროცესს, ვერ გაივლის.
ამაზეც არის საუბარი და ვცდილობთ, რომ ამაშიც გავერკვეთ, საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო უწყებებს და ინსტიტუტებს ამის კვალიფიციური კადრი არ ჰყავთ, ერთის მხრივ შეიძლება, რომ რაღაც უწყებაში ამის კვალიფიციური კადრის არსებობა მოიაზრებოდეს, მაგრამ ამის პარალელურად მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიციური კადრი ეყოლება თუ არ ეყოლება ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ კორუფცია და პროტექციონიზმი გამოირიცხოს“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რამდენად მოთხოვნადია პარაგლაიდინგი საქართველოში ირაკლი კაპანაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი სახე მიიღო, რადგან მხოლოდ გუდაურში ფრენა არ არის ის, რაც მთლიანად საქართველოში ხდება.
„ამ ყველაფერმა მეტნაკლებად ვერ ვიტყვი, რომ მახინჯი, მაგრამ რაღაც ცუდი სახე მიიღო, მარტო გუდაურში ფრენა არ არის ის რაც მთლიანად საქართველოში ხდება, საგარეჯოში დაფრინავენ, თელავში დაფრინავენ, ახმეტაში, გონიოში დაფრინავენ, ბახმაროშიც ცდილობენ ფრენების დაწყებას, გოდერძის უღელტეხილზეც უნდათ რაღაცის გაკეთება. ამის თავი და თავი არის აქტივობა და არა კომერციული ფრენები და ეს მთლიანობაში არ ჩანს, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი ისეთ ადგილებშია სადაც ხალხმრავლობაა. გუდაური ძალიან თვალშისაცემია და ყველა გამვლელ გამვლელი ამას ხედავს და ვიღაც თუ ფიქრობს, რომ პარაგლაიდინგი საქართველოში მარტო გუდაურში ფრენებია - ეს არასწორია, მაგრამ არც ის არის სწორი რომ ეს ყველაფერი უგულებელვყოთ და ვთქვათ რომ ეს არაფერი არ არის და ამის კვალობაზე ამ კუთხით არაფერი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
შეგახსნებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
commersant.ge