ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«აღმოვაჩინეთ შენახული, ძველი საქართველო»-შუახევის ექსპედიციის შედეგები გამოსაცემად მზადდება
15 ნოემბერი, 2017

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტმა მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში კომპლექსური ექსპედიცია ჩაატარა. ექსპედიცია ოთხ სხვადასხვა დარგში სამ ეტაპად ჩატარდა.

მაღალმთიან აჭარაში მსგავსი კომპლექსური ექსპედიცია პირველად განხორციელდა. ექპედიციის პირველი ეტაპი მუსიკასა და ქორეოგრაფიას დაეთმო, მეორე ეტაპის ფარგლებში შუახევს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ეწვია, ხოლო მესამე ეტაპი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზეპირსიტყვიერების დარგებს დაეთმო.

ექსპედიციის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა ნატო ზუმბაძე "აიპრესთან" პროექტის მუსიკალურ ღირებულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან ბევრი მასალა აღმოაჩინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ბევრი ეროვნული და პატრიოტი ხალხი იმყოფება, რომლებიც თავიანთ ფოლკლორულ ღირებულებებს ძალიან უფრთხილდებიან.

„ძალიან მოცულობითი და მრავალფეროვანი მასალა მოვიპოვეთ. ამ ტიპის პროექტი აჭარაში აქამდე არ განხორციელებულა. აჭარა საქართველოს ის მხარეა, სადაც დღესაც სიმღერა და ცეკვა ერთმანეთისაგან განუყოფელია. გვხვდება "ფერხულები", გვხვდება საცეკვაო სიმღერები, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით. აჭარაში, ფაქტობრივად ცეკვის სტიქიაა. მოგეხსენებათ, ცეკვა მუსიკის გარეშე არ არსებობს, ხოლო თუ საცეკვაო სიმღერაა, ეს მუსიკისა და ქორეოგრაფიული ნაწილის ერთიანობას გულისხმობს. 

ამას გარდა, აჭარამ ბევრი სიძველე შემოინახა. მიუხედავად ამ კუთხის ისტორიული ძნელბედობისა, წმინდა მუსიკალური ფოლკლორის თვალსაზრისით იმდენი სიძველეა შემონახული და თანაც ისეთი სუფთა სახით, შეიძლება გაოცებულიც კი დარჩეთ.

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირად არ უდგებიან ფოლკლორს, დიდ შემთხვევაში, ეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის პირად მოსაზრებაზეა დამოკიდებული. შუახევის მუნიციპალიტეტი აღნიშნული თვალსაზრისით უიშვიათესი გამონაკლისია, საოცარი ხალხია ამ მუნიციპალიტეტში, ეროვნული, პატრიოტი და ძალიან კეთილგანწყობილი.

სანატრელი გვყავს შუახევის მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის მსგავსი ხალხი სხვა რეგიონებში“, - განაცხადა ნატო ზუმბაძემ.

ექსპედიციის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა დვალიშვილიმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ექსპედიცია ქორეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. მისი თქმით, მოპოვებულ მასალები დროთა განმავლობაში უფრო მეტად ღირებული გახდება.

„პირაპირ ვიტყვი, რომ მას არა მარტო პრაქტიკული დანიშნულება აქვს, არამედ თეორიულიც. ეს მასალები მეცნიერული კუთხით ძალიან საინტერესოა. რაც დრო გავა, მით უფრო ფასეული გახდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მასალები სასწავლო დაწესებულებებისთვის. იქ სადაც ქორეოგრაფიის შესწავლა და სპეციალისტების მომზადება ხდება, მაგალითად, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეცნიერებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ისტორიაა, ეს არ არის წარსული, ეს ჩვენი მომავალიც არის, რაზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა უჩა დვალიშვილმა.

იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიანი სოფლებიდან მასიურად ხდება მიგრაცია, ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. როგორც უჩა დვალიშვილმა განაცხადა, 2006 წლის ექსპედიციის დროს ჩაწერილი ადამიანებიდან სოფელში თითქმის აღარავინაა დარჩენილი.

„2006-ში ექსპედიციაში აჭარაში, მათ შორის შუახევში ვიყავი. ის ცეკვები, რომელიც ჩვენ ჩავიწერეთ 2006 წელს, ახლანდელ ექსპედიციაში ვერ ჩავწერეთ. აქ სხვადასხვა პრობლემებიც არსებობს, სოციალური პრობლემები, მიგრაციის პრობლემა. ის ხალხი ვინც მაშინ ჩავიწერე, დღეს უკვე აღარ ცხოვრობენ იქ, ძალიან ბევრი ნაწილი გადასულია, ქალაქში ცხოვრობენ. თუ მაშინ 10 კაცი იღებდა მონაწილეობას, ახლა 2 კაცი ძლივს შევარჩიეთ. ის ხალხი, რომელმაც ფოლკლორი კარგად იცის, ფაქტობრივად აღარ არის“, - განაცხადა დვალიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ცეკვებია შემონახული.

„საქართველოში ისეთი ცეკვები გვაქვს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო. დღემდე ისე არის შემონახული. სოფელ ზემოხევში ჩავიწერეთ ბატონი ნოდარ ქარცივაძე და თამარ მჟავანაძის მიერ შესრულებული ცეკვა შეხტომილაი. არსებობს ცეკვები, რომლებიც შეიძლება არ იყოს სუფთა ქართული წარმოშობის,  შერეული იყოს, შერწყმული ჩვენს ფოლკლორთან, მაგრამ მას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ჩვენ ვერ ვკრავთ ხელს და ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი არ არის, არ ვიცეკვოთ. ის ჩვენს ყოფაში ისეა შემოსული, რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ამიტომ, იმ სახით უნდა არსებობდეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია, საიდან რას უკავშირდება“, - განაცხადა უჩა დვალიშვილმა.

ექსპედიციის ზეპირსიტყვიერების ხელმძღვანელმა ეთერ თათარაიძემ „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნული ექსპედიცია მონატრებულ, ძველ საქართველოში მოგზაურობას შეადარა  და განაცხადა, რომ შუახევში დრო თითქოს გაჩერებულია.

„მნიშვნელოვანია თუ ვინ ცხოვრობს ამ კუთხეში, სრულიად მონატრებულ საქართველოში რომ წახვალ, ესეთი იყო ჩემთვის ეს ექსპედიცია. ჩვენი ექსპედიცია, ფაქტობრივად, 4 სამუშაო დღე იყო. მიმაჩნია, რომ მასალა, რომელიც მოვიპოვე სრულიად უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ეს 21-ე საუკუნეში ხდება. იქ ძალიან შენახულია, გაჩერებული დრო და ეს ფოლკლორისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ისინი ყვებიან საუკუნის დასაწყისის და ცოტა წინარე ამბებს, ისევე როგორც ყვებოდნენ სიტყვაზე თედო სახოკიას დროს, როცა ის იწერდა ამ მასალას. დრო იყო ძალიან ცოტა, რასაც ვეძახი დაზვერვით ექსპედიციას, ვიდრე ექსპედიციას, ჩემს დარგში. ამას სჭირდება ახალ სამყაროში ყოფნა, მინიმუმ 1 თვე, რომ სინამდვილემდე მიხვიდე და თემები რაც იქ ჩნდება, ხელშესახები გახადო“, - განაცხადა ეთერ თათარაიძემ.

მან შუახევის ექსპედიციიდან კონკრეტული ისტორიებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თითოეული ფრაზა, თითოეულ გამონათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ზეპირსიტყვიერების თვალსაზრისით აჭარელი ხალხი ძალიან მრავალფეროვანია.

„ყოველ ადამიანთან ურთიერთობა დღესასწაული იყო, განსაკუთრებით დამამახსოვრდა სოფელი ხაბელაშვილები. ერთ მამაკაცს, რომელსაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი, მშვიდად იჯდა გარეთ, ქუჩაში და იქ დავუწყე გასაუბრება. ასაკოვანი კაცი იყო, ღრმად მოხუცი არა. სადღაც იყურებოდა. ვკითხე ოჯახი-მეთქი? მეუღლე რამდენიმე წელია გარდაცვლილი მყავსო. ჩვენს შორის ხმა არ აწეულა ისე ვიცხოვრეთო ამდენი წლებიო. ვკითხე, არ გენატრებათ-მეთქი? ისევ შორს გაიხედა და თქვა ფრაზა „რას იქ“ - რას იზამო. ამ ორ სიტყვაში მთელი აჭარის თავშეკავება, დისტანცია და ყველაფერი თქვა, ის რაც უნდოდა აჭარას ეთქვა. ასეთია ზეპირსიტყვიერება“, - განაცხადა ეთერ თათარაიძემ.

შუახევის ექსპედიციის მნიშვნელობაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა ცისანა მარინდაშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საველე მუშაობისას ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება ნახეს.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ აჭარული წინდების 20 სახეობიდან მხოლოდ 3-ია შემორჩენილი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

„ჩვენ გვაინტერესებდა აჭარის ყოფისთვის დამახასიათებელი სიძველეები და თუ ხდებოდა მისი გაგრძელება. აჭარაში გამოყენებით ხელოვნებაში ძალიან ბევრი რამ იყო, განსაკუთრებით რეწვაში. ადრე აჭარული წინდების 20 სახეობა არსებობდა. ვნახეთ ხის მხატვრული დამუშავება, ასევე გიდელების, კალათების, წისქვილის ქვების, ნალიების, თხილამურების, ხის ნიჩბებისა და სკების დამზადება.

გულდასაწყვეტია, რომ ქსოვის ორნამენტის მრავალსახეობა აღარ არის. ნაივურ ნაქარგებს ახლაც აკეთებენ, მაგრამ უფრო მეტი ორნამენტები იყო გამოყენებული. ფერწერაც შეგვხვდა 1-2, მაგრამ მე უფრო გამოყენებითი ხელოვნება მაინტერესებდა. მთელს საქართველოში თანდათანობით უკუსვლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეკონომიური მდგომარეობაა ძალიან მძიმე და ცდილობენ  ძალიან იაფად გააკეთონ, რაც გასაყიდად უფრო ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის, შესაბამისად, დონე თანდათანობით ეცემა“, - განაცხადა ცისანა მარინდაშვილმა.

ექსპედიციის ყველა ხელმძღვანელი აღფრთოვანებით საუბრობდა ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებულ უნიკალურ მასალებზე და აღნიშნავდა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტი გამორჩეულად მრავალფეროვანი და ფოლკლორული ნიმუშებით დახუნძლულია.

ამჟამად, ექსპედიციის შედეგები გამოსაცემად მზადდება. გამოცემაში თავს მოიყრის ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებული მასალების გარკვეული ნაწილი. გამოიცემა ერთი აუდიო და ერთი ვიდეო დისკი, ასევე მათი კვლევის შედეგები ფოლკლორის ოთხ სხვადასხვა დარგში. 

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.