აღმაშენებლის გამზირზე IBIS-ის 3 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მერიისგან ექსპლოატაციაში მიღებაზე გადაწყვეტილებას ელოდება (ფოტო)
„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ აღმაშენებლის გამზირზე „აკორის“ ჯგუფში შემავალი წითელი IBIS-ის ბრენდის 3 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები 2019 წლის 1 ივნისამდე გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის მფლობელმა კომპანია „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა დავით გელბახიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ორივე სასტუმროს მშენებლობა/რესტავრაცია დასრულებულია. ამ დროისთვის კომპანია თბილისის მერიისგან შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე გადაწყვეტილებას ელოდება.
მისი განცხადებით, IBIS-ის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, ნომრების გარდა აქ განთავსდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რესტორანი, ბარი და სხვა. საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპლექსში შემავალი მეორე სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი და 20 ნომრიანი იქნება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარია. მისივე თქმით, ორივე სასტუმრო ოპერირებას HOTEL 1930-ით გააგრძელებს და მისი მმართველი „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ იქნება . „ეს შენობა 1930 წელს არის აშენებული.“-აცხადებს გელბახიანი.
მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ირკვევა, რომ ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური“ თბილისში.

commersant.ge