ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აღმოჩენა გუდიაშვილის მოედანზე - სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიკვლეული სიმდიდრე
02 ივლისი, 2018

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის საკონსერვაციო სამუშაოების (კონსერვაციის გეგმა ორგანიზაცია „Icomos საქართველომ“ მოამზადა) მიმდინარეობისას არქეოლოგიური ნარჩენები აღმოაჩინეს.

ლადო გუდიაშვილის მოედანი მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; აბო თბილელის, გია აბესაძის, ბეგლარ ახოსპირელისა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა გვიანი შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება. ტერიტორია, რომელსაც კონსერვაცია შეეხება, 4 ჰექტარს მოიცავს. მასზე 72 ნაგებობაა, რომელთაგან 31 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.

რამდენიმე დღის წინ, ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის ზედამხედველობით ხორციელდება, გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი - სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი. მათი ნაწილი მიწითაა ამოვსებული, ნაწილი დაბზარულია, ნაწილს კი უახლოეს დღეებში არქეოლოები გახსნიან.

აქვე მიაკვლიეს კერამიკული ნაწარმს, რომელიც სწორედ ამ მარანში მდებარე ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩნდა. ესენია: დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხუთივე მათგანი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ, ორიოდ კვირის წინ, ასევე გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის ქ. N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.  

კერამიკული ნაწარმი XVIII-XIX სს. მიჯნით შიძლება დათარიღდეს. 

კერამიკული ნაწარმის გარდა ქვევრში დაფიქსირდა ასევე სპილენძის აზარფეშა,- გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში.
სამუშაოებს სისტემატიურ ზედამხედველობას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.