ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგვისტო-სექტემბერში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან $700 მილიონით შემცირდა
16 ოქტომბერი, 2020

გასული თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა მხოლოდ $15.6 მილიონი დოლარი დახარჯეს, ეს 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 95%-ით ნაკლებია – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

მხოლოდ ბოლო ორი თვის – აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან წლიურ ჭრლში $700 მილიონი დოლარით არის შემცირებული. უფრო დეტალურად – სექტემბერში ტურიზმის შემოსავლების კლებამ 303 მილიონი დოლარი, აგვისტოში კი 397 მილიონი დოლარი შეადგინა.

2019 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის – 9.36 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი მიიღო, რომელთაგან 5 მილიონი ვიზიტი ტურისტული ხასიათის იყო. ამ ტურისტებმა ქვეყანაში $3 მილიარდზე მეტი დახარჯეს.

გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% – სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი, ქვეყანას ვიზიტორთა 2% ეწვია.

15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი – 18 540 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
2 სომხეთი – 9 770 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,4% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) – 5 318 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,9% ;
4 რუსეთი – 4 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,0% ;
5 აზერბაიჯანი – 3 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,3% ;
6 უზბეკეთი – 1 525 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6,3% ;
7 უკრაინა – 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,2% ;
8 ბელარუსი – 971 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,4% ;
9 ამერიკის შეერთებული შტატები – 744 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7% ;
10 გერმანია – 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8% ;
11 ყაზახეთი – 541 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
12 საფრანგეთი – 429 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,1% ;
13 ლატვია – 274 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,1% ;
14 ბულგარეთი – 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,8% ;
15 ტაჯიკეთი – 244 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,8%.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი – კერძოდ, 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 3,353-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო.

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კაცია.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.